კონტე სერია ა-ში ბრუნდება: მილანურ კლუბს თითქმის შეუთანხმდა
Aa
Aa

კონტე სერია ა-ში ბრუნდება: მილანურ კლუბს თითქმის შეუთანხმდა

საფეხბურთო კლუბ ლონდონის ''ჩელსის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე სერია ა-ში დაბრუნებასთან ახლოსაა. SkySports-ის ცნობით იტალიელი სპეციალისტი მილანის ''ინტერთან'' მოლაპარაკებას აწარმოებს, მხარეებს კონტრაქტის გაფორმებამდე მცირე დეტალების შეთანხმება აშორებთ.

2017 წლის ივნისიდან მოყოლებული ''ინტერის'' მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტია, მიმდინარე სეზონში მისი ხელმძღვანელობით მილანურმა გუნდმა ევროპა ლიგის მერვედფინალში ფრანკფურტის ''აინტრახტის'' ბარიერი ვერ დაძლია და ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა. სერია ა-ს სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ''ინტერი'' 63 ქულით მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან ''ნაპოლის'' 10 ქულით ჩამორჩება, მეოთხეადგილოსან ბერგამოს ''ატალანტას'' კი 1 ქულით უსწრებს.

რაც შეეხება კონტეს, 49 წლის სპეციალისტი წვრთნიდა ''არეცოს,'' ''ბარის,'' ''ატალანტას,'' ''სიენასა'' და ტურინის ''იუვენტუსს.'' 2008-09 წლებში კონტეს გაწვრთნილი ''ბარი'' სერია ბ-ში პირველ ადგილზე გავიდა და სერია ა-ში აღზევდა.

''იუვეში'' მუშაობისას კონტე მწვრთნელის ამპლუაში სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი (2011-12, 2012-13, 2013-14), ორჯერ კი იტალიის სუპერთასი მოიგო (2012, 2013).

2014-16 წლებში ანტონიო კონტე იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

იტალიის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ''იუვენტუსის'' ყოფილი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგაში მოღვაწეობდა და ლონდონის ''ჩელსის'' წვრთნიდა. მისი პირველი პრემიერლიგური სეზონი წარმატებული გამოვიდა, ''ჩელსიმ'' პრემიერლიგა მოიგო, შემდეგ სეზონში კი ''არისტოკრატებმა'' ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ედენ აზარის გოლით ''წითელი ეშმაკები'' დაამარცხეს.

2018 წლის ზაფხულში კონტემ ლონდონური კლუბი დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები