Aa
Aa

"სიტიმ" თავისივე რეკორდი გააუმჯობესა! "იუნაიტედის" დაცვა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებ!

პეპ გუარდიოლას „სიტიმ“ ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. გუშინ „ქალაქელებმა“ მანჩესტერულ დერბიში იმარჯვეს და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. ესპანელი სპეციალისტის გუნდმა წარმატებას ბერნარდო სილვას და ლეროი სანეს გოლების წყალობით მიაღწია. ამ უკანასკნელის მიერ შეგდებული ბურთი „სიტისთვის“ ისტორიული გამოდგა.

„ქალაქელებმა“ ყველა ტურნირის ეგიდით მიმდინარე სეზონში 157-ე გოლი გაიტანეს, რაც ინგლისური კლუბებისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. პეპ გუარდიოლას ბიჭებმა თავისივე შედეგი გააუმჯობესეს, რომელიც 2013-14 წლებში დააფიქსირეს. მაშინ მანუელ პელეგრინის კოლექტივმა მეტოქე გუნდების კარები 156-ჯერ აიღო.

მანჩესტერული დერბი განსაკუთრებული ოლე გუნარ სულშერის შეგირდებისთვისაც გამოდგა. განსხვავება ის გახლავთ, რომ მათ საკუთარი გულშემატკივარი ვერ გაახარეს. ბრიტანული გამოცემების ცნობით 1971 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა „იუნაიტედმა“ კარის მშრალად შენახვა მიჯრით 12 მატჩში ვერ მოახერხა.

„სიტისთან“ განცდილი მარცხის შემდეგ „წითელ ეშმაკებს“ 64 ქულა დარჩათ და სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილზე იმყოფებიან. „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან, თუმცა სავარაუდოდ მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ.

ოლე გუნარ სულშერის კოლექტივს მომდევნო ტურში უმნიშვნელოვანესი შეხვედრის ჩატარება მოუწევს. „იუნაიტედი“ „ოცნებათა თეატრში“ „ჩელსის“ უმასპინძლებს და წარუმატებლობის შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას საბოლოოდ გამოეთიშება. რაც შეეხება „ქალაქელებს“, პეპ გუარდიოლას ბიჭებს დარჩენილი სამი მატჩი „ბარნლის“ „ლესტერის“ და „ბრაიტონის“ წინააღმდეგ აქვთ გასამართი და დიდი ალბათობით სასურველი შედეგის დაფიქსირება არ უნდა გაუჭირდეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები