ტერ შტეგენის ღირსეული ჟესტი
Aa
Aa

ტერ შტეგენის ღირსეული ჟესტი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე კატალონიის "ბარსელონამ" "მანჩესტერ იუნაიტედს" დამაჯერებლად სძლია. "ოლდ ტრაფორდზე" ერნესტო ვალვერდეს ბიჭებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს. "კამპ ნოუზე" კი ლეო მესის დუბლისა და კოუტინიოს გოლის წყალობით "წითელი ეშმაკები" 3-0 გაანადგურეს.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი "ლა პულგას" მეორე გოლი აღმოჩნდა, რომელიც "იუნაიტედის" მეკარის, დავიდ დე ხეას უხეში შეცდომის გამო გავიდა. "მანჩესტერის" კარის დარაჯი შეხვედრის შემდეგ გასახდელში სიტყვით გამოვიდა და თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა.

კატალონიურ გამოცემებთან საუბრისას დე ხეას შეცდომას "ბარსელონას" გოლკიპერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გამოეხმაურა: "მატჩის შემდეგ დავიდს ვუთხარი, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და მსგავსი შეცდომა შეიძლება მეც დამეშვა".

"სიმართლე ისაა, რომ ის გოლი არ მიზეიმია, რადგან დე ხეა ჩემი კოლეგაა და იგივე პოზიციაზე თამაშობს. თუმცა ცხოვრება გრძელდება და ნამდვილად არაფერი დასრულებულა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები