მანჩესტერული კლუბები „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებზე ნადირობენ
Aa
Aa

მანჩესტერული კლუბები „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებზე ნადირობენ

ESPN-ის ინფორმაციით ოლე გუნარ სულშერი და პეპ გუარდიოლა "ატლეტიკოს" ფეხბურთელების გადაბირებით არიან დაინტერესებული. „წითელ ეშმაკებს“ საულის შეძენა სურთ, ხოლო „ქალაქელები“ როდრის ტრანსფერის გაჩარხვას აპირებენ.

„იუნაიტედის“ წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ საული „მანჩესტერის“ ნახევარდაცვას გააძლიერებს და მატიჩსა და პოგბას იდეალურად შეეწყობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დიდი ალბათობით ანდერ ერერა „ოლდ ტრაფორდს“ დატოვებს და საული სწორედ მის შემცვლელად მოიაზრება.

ესპანელ ნახევარმცველს „წითელი ეშმაკები“ დიდი ხანია აკვირდებიან. „იუნაიტედი“ მზადაა „ატლეტიკოსთან“ მოლაპარაკებები წამოიწყოს, თუმცა მადრიდელთა დაყოლიება ძალიან გაუჭირდება. საულის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევროა და ESPN-ის ცნობით „მანჩესტერის“ მესვეურებს მისი შეძენა გაცილებით ნაკლები თანხის სანაცვლოდ სურთ.

საულის გარდა დიეგო გოდინის, ფილიპე ლუისის, ანტუან გრიზმანის და როდრის მადრიდული მომავალიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ უკანასკნელის შეძენით პეპ გუარდიოლაა დაინტერესებული. ესპანელ სპეციალისტს 22 წლის ფეხბურთელის მიმართ დიდი სიმპათიები აქვს და მას ფერნანდინიოს შემცვლელად მოიაზრებს.

როდრის გამოსასყიდი თანხა 70 მილიონ ევროს შეადგენს. გავლენიანი ამერიკული გამოცემის ცნობით „ქალაქელებისთვის“ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ESPN-ის მიხედვით გუარდიოლა როდრის თამაშით აღფრთოვანებულია და „სიტის“ მესვეურებს მისი ტრანსფერის გაჩარხვას კატეგორიულად მოსთხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები