Aa
Aa

ფედერერმა ინდიან უელსის ტურნირი წარმატებით გახსნა

როჯერ ფედერერმა ინდიან უელსის ტურნირი წარმატებით დაიწყო და გერმანელი პეტერ გოიოვჩიკი 2 სეტში დაამარცხა. შვეიცარიელმა ლეგენდამ გასულ კვირას კარიერის მე-100 ტიტული მოიგო, ინდიან უელსში კი, სარეიტინგო ქულების დასაცავად, მინიმუმ ფინალში გასვლა მართებს.

„მხიარული როჯერი“ გოიოვჩიკს მეორედ შეხვდა და ამჯერადაც 2 სეტში აჯობა, თუმცა შვეიცარიელს მთლად იოლი მატჩი არ ჰქონია. პირველი სეტის დამაჯერებლად მოგების შემდეგ, მეორე პარტიაში გოიოვჩიკმა ბრეიკი შეასრულა, რასაც მომენტალური უკუბრეიკი და შემდეგ ფედერერის ჩაწოდებაზე არაერთი ბრეიკ-პოინტი მოჰყვა. საბოლოოდ მსოფლიოს მე-4 ჩოგანმა მოუმატა და თამაში 6:1; 7:5-ით დახურა.

37 წლის ფედერერის მომდევნო მეტოქე მისი თანამემამულე სტენ ვავრინკა იქნება, რომელმაც მარტონ ფუქსოვიჩის წინააღმდეგობა 3 სეტიან დრამატულ შეხვედრაში დასძლია.

უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუხდა იაპონელ კეი ნიშიკორის, რომელმაც ფრანგ ადრიან მანარინოსთან მატჩის ბედი ბოლო სეტის ტაიბრეიკზე გადაწყვიტა, თანაც მესამე სეტის 5:6-ზე მანარინო თამაშის მოსაგებად აწვდიდა.

ნიშიკორიმ საფრთხე მოიგერია და ტაიბრეიკი დამაჯერებლად ჩაატარა და შეხვედრა 6:4; 4:6; 7:6 დაასრულა. აზიელი მომდევნო წრეში პოლონელ უმბერ ჰურკაჩს დაუპირისპირდება.

ძალიან იოლი პირველი წრე ჰქონდა რაფა ნადალს, რომელმაც ამერიკელ ჯარედ დონალდსონს მხოლოდ 2 გეიმი დაუთმო - 6:1; 6:1. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები