ვაისი: "კობიაშვილი იყო გენიალური ფეხბურთელი და იმსახურებს იმ ნდობას, რომელიც მას აქვს“
სასტუმრო ჰუალინგმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობას უმასპინძლა, რომლის მუშაობაში 28 დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. ყრილობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი კიდევ ოთხი წლის ვადით ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს.
მედიისთვის კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, რომელიც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ჩამოვიდა საქართველოში:
„მე ჩამოვედი იმისთვის, რომ მხარი დამეჭირა ლევანისთვის და მისი გუნდისთვის. მიმაჩნია, რომ მან დაიმსახურა ის მხარდაჭერა, რაც ჰქონდა და აქვს, რადგან 4 წლის მუშაობის მანძილზე შეძლო და გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწია, არამხოლოდ ეროვნული ნაკრების, არამედ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ქართულ ფეხბურთზე, სადაც ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო და მე მჯერა, რომ ლევანი ზუსტად ისე გააგრძელებს, როგორც დაიწყო. ის იყო გენიალური ფეხბურთელი და იმსახურებს იმ ნდობასა და მხარდაჭერას, რომელიც მას აქვს.“ - აღნიშნა ვლადიმირ ვაისმა.
gff.ge
ასევე იხილეთ - კვერკველია: ''ერთი ქართველი კარგია, ორი კიდევ უკეთესი''
