ფლეგმატური ''მაგიური თაგვი'': ''მე არ ვუსმენ მწვრთნელს''
შვეიცარიულ ''ციურიხს'' 19 წლის ქართველი ტალანტი ლევან ხარაბაძე ბრწყინვალედ შეეწყო. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას თბილისის ''დინამოდან'' ცნობილ შვეიცარიულ კლუბში გადასულმა მცველმა შვეიცარიის სუპერლიგის სადებიუტო მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი ''გრასჰოპერსთან'' საშინაო შეხვედრაში თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
7’ | TOR! Kharabadze bringt den FC Zürich mit 1:0 in Führung.#FCZGC #SFL #RSL pic.twitter.com/AqNgMHuqWQ
— SwissFootballLeague (@News_SFL) February 9, 2019
ვიდრე ''ციურიხი'' ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე კარლო ანჩელოტის ''ნაპოლის'' დაუპირისპირდება, Neue Zürcher Zeitung-ის ჟურნალისტი კრისტინე შტეფენი ''ციურიხის'' ყოფილი ფეხბურთელების, გოჩა ჯამარაულისა და ლადო ახალაიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს.
გოჩა ჯამარაული, რომელსაც შვეიცარიაში მეტსახელად ''მაგიური თაგვი'' შეარქვეს, ''ციურიხის'' ღირსებას 1999-2002 წლებში იცავდა. მასთან ერთად შვეიცარიულ კლუბში მიხეილ ყაველაშვილი ასპარეზობდა, თუმცა სტატიის ავტორი ყაველაშვილის შესახებ არაფერს წერს.
''ნახევარმცველი, რომელიც გამოიყურებოდა ისე თითქოს კბილი სტკიოდა, საოცრად ნიჭიერი იყო. მას ახასიათებდა ფლეგმატური მანერები და ხასიათი ხშირად ეცვლებოდა. საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებით მწვრთნელებს აგიჟებდა და ისინი ხედავდნენ, რომ ჯამარაული სიზარმაცის გამო ნიჭს ფლანგავდა. მას არ შეეძლო გერმანულ ენაზე საუბარი, თუმცა იცოდა ერთი წინადადება: ''მე არ ვუსმენ გრესს'' (ch höre nicht auf Gress).
სტატიის ავტორი გულისხმობს ჟილბერ გრესს, რომელიც 2000-01 წლებში ''ციურიხის'' მთავარი მწვრთნელი იყო.

2000 წლის 28 მაისს შვეიცარიის თასის ფინალში ''ციურიხმა'' ''ლოზანა'' დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. ''ციურიხის'' მხრიდან პირველი გოლი ჯამარაულმა გაიტანა, პენალტების სერიაში ყაველაშვილმა შანსი გამოიყენა და კლუბმა 24-წლიანი პაუზის შემდეგ შვეიცარიის თასის ფინალში გაიმარჯვა.
''ციურიხი'' შვეიცარიის თასის ფინალში - გოჩა ჯამარაული ქვედა რიგში მარცხნიდან მესამე

გოჩა ჯამარაული გიორგი ტაბიძის გადაცემა ''სპორტის ვარსკვლავებში'' ''ციურიხში'' გატარებულ პერიოდს იხსენებს: ''შვეიცარიაში გატარებული დრო დაუვიწყარია. ასეთი დალაგებული ქვეყანა. ''ციურიხი'' ძალიან ორგანიზებული, ძალიან კარგი გუნდი იყო. შვეიცარიის თასი მოვიგეთ, რაც კლუბისთვის ძალიან დიდი წარმატება იყო.''
გოჩა ჯამარაულმა ''ციურიხში'' შვეიცარიის ჩემპიონატსა და უეფას თასზე საერთო ჯამში 102 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი შეაგდო.
''შვეიცარიელები ცივი ხალხი არიან. ქომაგები, ჟურნალისტები თუ კლუბის ხელმძღვანელები ერთ ცუდ თამაშს არ გაპატიებენ. ოთხი წელი მოშვების საშუალება არ გვქონდა. მეოთხე წელს მაყურებელმა ქართული დროშა გამოიტანა. ასე დაგვაფასეს. მაშინ მივხვდით, რომ რაღაცა გაგვიკეთებია.''
1999 წლის შემოდგომაზე ჯამარაულმა ბელგიურ ''ლიერსს'' 2 გოლი გაუტანა, 1 გოლი კი ''სენტ. ჯეიმს პარკზე'' ''ნიუკასლს'' შეუგდო (იხილეთ გოლი). ''ნიუკასლთან'' გასვლითი მატჩი კიდევ ერთი ფაქტით იყო გამორჩეული, 84-ე წუთზე მიხეილ ყაველაშვილმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დროზე ადრე დატოვა.
გოჩა ჯამარაულის სანაკრებო კარიერიდან რამდენიმე ძალიან დასამახსოვრებელი ეპიზოდის გახსენება შეიძლება. მათ შორისაა ბრწყინვალე საგოლე პასი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან ბულგარეთის ნაკრებთან. ევრო 1996-ის შესარჩევ ციკლში საქართველომ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე სტოიჩკოვის ბულგარეთი 2:1 დაამარცხა. მატჩის პირველივე წუთზე ჯამარაულმა შესანიშნავი საგოლე გადაცემა შეასრულა და შოთა არველაძემ ანგარიში გახსნა.
ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი ეპიზოდი, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ინგლისმა ''უემბლიზე'' საქართველოს 2:0 სძლია. ერთ ეპიზოდში გოჩა ჯამარაულმა ცნობილი ინგლისელი მცველი გარი ნევილი შესანიშნავი მოძრაობით ჩამოიშორა.
მიხეილ ყაველაშვილმა ''ციურიხის'' მაისურით 87 მატჩში 28 გოლი გაიტანა და შვეიცარიულ კარიერაში ერთადერთი ტიტული სწორედ ''ციურიხთან'' ერთად მოიპოვა. მან ''ციურიხის'' გარდა რამდენიმე შვეიცარიულ კლუბში იასპარეზა. მათ შორის ''ლუცერნში,'' ''სიონში,'' ''არაუსა'' და ''ბაზელში.''
რაც შეეხება ლადო ახალაიას, მან ''ციურიხში'' შესაძლებლობები ვერ გამოავლინა. 2005 წელს თბილისის ''დინამომ'' ახალაია შვეიცარიულ კლუბში ნახევარი სეზონით გაანათხოვრა. მისი შვეიცარიული კარიერა ხანმოკლე და წარუმატებელი გამოვიდა. მან შვეიცარიის სუპერლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი ''შაფჰაუზენს'' გაუტანა. სტატიის ავტორი ახალაიას საქმისადმი არაპროფესიული მიდგომის გამო აკრიტიკებს.

მოამზადა დიმა შარიქაძემ