90-იან წლებში გატანილი ქართული გოლები, რომლებიც არ გინახავთ
Aa
Aa

90-იან წლებში გატანილი ქართული გოლები, რომლებიც არ გინახავთ

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და უამრავმა ქართველმა ფეხბურთელმა კარიერის უცხოეთში გაგრძელება გადაწყვიტა. გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართველი მაყურებელი ლეგიონერთა თამაშების ხილვას ხშირად ვერ ახერხებდა, დღეს კი ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში შესაძლებელია მათი თამაშების ყურება.

რაც წარსულში ქომაგებამდე გაზეთებისა თუ ზეპირსიტყვიერების საშუალებით აღწევდა, დღეს ინტერნეტში ვიდეოკადრებად მოიპოვება. 90-იანი წლებიდან გთავაზობთ ქართველ ლეგიონერთა ხუთ გოლს, რომელიც დიდი ალბათობით მკითხველთა უმრავლესობას არ უნახავს.

1992-93 წლების სეზონის უეფას თასის პირველ ეტაპზე ჯოვანი ტრაპატონის ტურინის ''იუვენტუსმა'' შინ ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილი ''ანორთოსისი'' 6:1 გაანადგურა. რობერტო ბაჯოს, ანდრეას მიოლერის, ჯანლუკა ვიალის (2), მორენო ტორიჩელის გოლებს ''ანორთოსისმა'' ქეცბაიას გოლით უპასუხა.

მატჩის 84-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ ძლიერი დარტყმით ანჯელო პერუცის გაუტანა.

  

ქეცბაია ფეხბურთელის კარიერის მიწურულს ''ანორთოსისში'' დაბრუნდა. კარიერის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ქეცბაია 2004-09 წლებში ფამაგუსტას ''ანორთოსისს'' ხელმძღვანელობდა.  2008-09 წლების სეზონში ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და გუნდის ისტორიაში დიდი ფურცელი ჩაიწერა.  უეფას თასის 1996-97 წლების სეზონის მეორე რაუნდში ''ტრაბზონისა'' და ''შალკეს'' ორმატჩიანი დაპირისპირება გერმანული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. თურქეთში შენოლ გიუნესისა და ჰუბ სტევენსის სამწვრთნელო დუელი ფრედ 3:3 დასრულდა. ''ტრაბზონის'' მხრიდან პირველი გოლი შოთა არველაძემ გაიტანა. გელზენკირხენული გუნდის კარს ცნობილი გერმანელი მეკარე იენს ლემანი იცავდა.

 

იმ პერიოდში თურქულ კლუბში სამი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობდა. გერმანული გუნდის წინააღმდეგ გიორგი ნემსაძემ ორივე მატჩში ითამაშა, ხოლო შოთა და არჩილ არველაძეები მინდორზე მხოლოდ თურქეთში ვიხილეთ.

ორი მატჩის ჯამში ''შალკემ'' 4:3 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

1997 წელს შოთა არველაძე ''ტრაბზონიდან'' ამსტერდამის ''აიაქსში'' გადავიდა. 2015 წლის ზაფხულში შოთა არველაძე ''ტრაბზონს'' მთავარი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა, თუმცა ამავე წლის ნოემბერში წარუმატებელი მუშაობის გამო პოსტი დატოვა.

შოთა არველაძე და ''ტრაბზონის'' ქომაგები

ჩემპიონთა ლიგის 1998-99 წლების სეზონი, ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში კიევის ''დინამომ'' სტუმრად ფრანგული ''ლანსი'' 3:1 დაამარცხა. ანგარიში მეორე ტაიმში, მე-60 წუთზე გაიხსნა. ვალერი ლობანოვსკის გუნდიდან პირველი გოლი 20 წლის კახა კალაძემ თავური დარტყმით შეაგდო. კალაძე, რომელმაც სასტარტოში ითამაშა, გოლის გატანიდან 7 წუთში შეცვალეს.

 კალაძის სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

 

კიევის ''დინამოს'' სასტარტო შემადგენლობა ''ლანსთან'' შეხვედრაში

კალაძის გარდა ფრანგულ გუნდს ვლადისლავ ვაშჩუკმა და ანდრეი შევჩენკომ გაუტანეს. ერთადერთი საპასუხო გოლი ჩეხი ვლადიმირ შმიცერის ანგარიშზეა.

 უეფას თასის 1999-00 წლების გათამაშების მეორე რაუნდში სერ ბობი რობსონის ''ნიუკასლმა'' ''სენტ ჯეიმს პარკზე'' შვეიცარიული ''ციურიხი'' 3:1 დაამარცხა. შვეიცარიული გუნდის მაისურით სასტარტო შემადგენლობაში გოჩა ჯამარაულმა და მიხეილ ყაველაშვილმა ითამაშეს. ''ნიუკასლის'' ფორვარდმა თემურ ქეცბაიამ ორივე მატჩი გამოტოვა.

მე-17 წუთზე გოჩა ჯამარაულმა ანგარიში გახსნა. მან ინგლისური კლუბის საჯარიმოში გადაცემა გააკეთა, ბურთი არავის შეხებია და სტივ ჰარპერის კარის ბადეში აღმოჩნდა.

  

ორი მატჩის ჯამში ''კაჭკაჭებმა'' 5:2 მოიგეს.

გოჩა ჯამარაული ''ციურიხში'' 1998-2002 წლებში ასპარეზობდა. 2000 წლის მაისში ჯამარაული და ყაველაშვილი შვეიცარიის თასის მფლობელები გახდნენ.

1995-96 წლების სეზონის გერმანიის საფეხბურთო თასის მეოთხედფინალში ''ჰომბურგისა'' და ''კაიზერის'' შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოვიდა. ''ჰომბურგის'' კარს ქართველი მეკარე ნიკა ჩხეიძე იცავდა. სასტარტოში ჩხეიძის გარდა გიორგი ნემსაძე და რევაზ არველაძე მოხვდნენ.

''კაიზერს'' ლეგენდარული ანდრეას ბრემეს კაპიტნობდა. საწყის 18 წუთში ''კაიზერის'' ფორვარდმა პაველ კუკამ დუბლი შეასრულა. 35-ე წუთზე ''ჰომბურგმა'' ანგარიში შეამცირა.

54-ე წუთზე რევაზ არველაძემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 74-ე წუთზე საგოლე პასი შეასრულა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა. დამატებით დროში, 117-ე წუთზე ჩეხმა ჰორსტ ზიგლმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ქართველების ''ჰომბურგი'' დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა.

  

რევაზ არველაძე და ''ჰომბურგის'' მთავარი მწვრთნელი ულრიხ ზიუდე, რომელიც ''გლადბახის'' ლეგენდარულ მეკარედ ითვლება

             მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები