ლაშა დვალის წარმატებული დებიუტი ''ფერენცვაროშში''
უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერ ''ფერენცვაროშში'' ქართველმა მცველმა ლაშა დვალმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. მე-19 ტურში სერგეი რებროვის გაწვრთნილმა ''ფერენცვაროშმა'' შინ ''ჰონვედი'' 1:0 დაამარცხა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე გაიტანეს.
მოგებულ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა დვალმა 90 წუთი ითამაშა.
შეგახსენებთ, ლაშა დვალი პოლონური ვროცლავის ''შლიონსკიდან'' უნგრულ კლუბში გასულ თვეში გადავიდა. პოლონური მედიის ცნობით სატრანსფერო თანხამ ნახევარი მილიონი ევრო შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ტალინის ''ფლორამ'' ზაქარია ბეგლარიშვილი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ''ჰონვედში'' გაანათხოვრა, თუმცა მან ''ფერენცვაროშის'' წინააღმდეგ ვერ ითამაშა, რადგან ნეკნის ტრავმა მიიღო და მოედანს 4-6 კვირით დაემშვიდობა.
Booooom! Stało się!
— ????????Dawid Czemko???????? (@CzemkoDawid) January 15, 2019
Legenda Flory Tallinn - Zakaria Beglarishvili odchodzi na półroczne wypożyczenie do Honvedu Budapeszt.
Zdjęcie: FB Flory pic.twitter.com/Qg3VMVAx8H
19 ტურის შემდეგ ''ფერენცვაროში'' 42 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსანს 8 ქულით უსწრებს. ''ჰონვედი'' 29 ქულით მე-4 ადგილზეა და მესამე ადგილზე მყოფ ''დებრეცენს'' მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
უნგრეთის ჩემპიონატში კიდევ ორმა ქართველმა ითამაშა. ''დებრეცენისა'' და ''უიპეშტის'' შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. გიორგი ბერიძემ სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზა და 69-ე წუთზე შეცვალეს. ''უიპეშტს'' მეოთხეადგილოსან ''ჰონვედის'' მსგავსად 29 ქულა აქვს.
ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი ''ჰალადაში'' შინ ''კიშვარდასთან'' 0:1 დამარცხდა. ''ჰალადაშის'' მაისურით დაუშვილმა 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 9 ქულით ბოლო ადგილზეა და უშუალო კონკურენტს 9 ქულით ჩამორჩება.
ფოტო: gff.ge