მორატა - ფორვარდი, რომელმაც თავისი თამაში ვერ იპოვნა
Aa
Aa

მორატა - ფორვარდი, რომელმაც თავისი თამაში ვერ იპოვნა

საფეხბურთო კლუბ ლონდონის ''ჩელსიში'' ალვარო მორატას ერთი სრული და პლუს ნახევარი სეზონი არაეფექტური გამოვიდა. მან მონაწილეობა 72 შეხვედრაში მიიღო, თუმცა სასტარტოში მხოლოდ მატჩების 2/3 ჩაატარა. საერთო ჯამში მის ანგარიშზე 24 გოლია.

მიუხედავად იმისა, რომ 1,5 სეზონის განმავლობაში მხოლოდ 24 გოლი შეაგდო, მისი ლონდონური კარიერიდან დასამახსოვრებელი მომენტების გახსენება შეგვიძლია. მათ შორისაა გამარჯვების მომტანი გოლი ''მანჩესტერ იუნაიტედთან,'' ჰეთ-თრიქი ''სტოკ სიტისთან'' და ტრიუმფი ინგლისის ასოციაციის თასზე, თუმცა საბოლოო ჯამში ''არისტოკრატები'' მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ და ესპანელი ცენტრფორვარდის თამაშით იმედგაცრუებულნი დარჩნენ.

მორატას ლონდონური კარიერა იმდენად კოშმარული არ გამოვიდა, როგორც სამსახურში შარვლის გარეშე გამოცხადება. ესპანელის გამოსვლა უფრო ჰგავს მომენტს, როცა მატარებლის სადგურისკენ მიმავალი გზას ვერ პოულობ. საბოლოოდ, მორატას ''ჩელსიში'' გატარებული მოკლე პერიოდი ფეხბურთელის უცნაური კარიერის ბოლო თავია.

2010 წელს მადრიდის ''რეალში'' ჩატარებული სადებიუტო შეხვედრის შემდეგ მორატამ სამი ქვეყნის ჩემპიონატში საერთო ჯამში სასტარტო შემადგენლობაში 84 მატჩი ჩაატარა. მას შემდეგ მადრიდში დაბადებულმა 26 წლის თავდამსხმელმა 14 ტიტული მოიპოვა. მან ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვება იზეიმა, ასევე ორჯერ გახდა სერია ა-სა და ლა ლიგის გამარჯვებული.

2017 წლის 19 ივლისს ''ჩელსიმ'' მორატა კლუბისთვის სარეკორდო თანხად 60 მილიონ ფუნტ სტერლინგად მადრიდის ''რეალიდან'' გადაიბირა. 14 საკლუბო ტიტულიდან მორატამ ''ნისლიან ალბიონზე'' მხოლოდ ერთი, ინგლისის ასოციაციის თასი მოიპოვა.

ესპანელი ფორვარდის სანაცვლოდ უძლიერესი ევროპული კლუბები თანხებს არ იშურებენ. მოთამაშე იცვლის კლუბებს, სადაც გატარებული პერიოდის უტიტულოდ დასრულება თითქმის შეუძლებელია, რისი დასტურიც ''რეალში,'' ''იუვენტუსსა'' და ლონდონის ''ჩელსიში'' გატარებული პერიოდებია, თუმცა ის ვერ იქცა ევროპული გრანდის ლიდერად,  დიდ თანხას გამოიმუშავებდა და შეეძლო რეალური შესაძლებლობები ''რომასა'' და ''სევილიის'' დონის გუნდებში გამოემჟღავნებინა, მაგრამ თანამედროვე სპორტში ფინანსურად ძლიერი ელიტა საკუთარ თავს მეტ თავისუფლებას აძლევს და საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს. თუ შეგიძლია  ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნის დაკმაყოფილება, ტრანსფერის განხორციელება რეალურია კლუბიდან კლუბში თუ ჩემპიონატიდან ჩემპიონატში.

კლუბების ცვლა და ვითარებებში გაჭედვა, სადაც ვერ პროგრესირებ და არ შეგიძლია ვითარების კონტროლი, პოტენციალის სრულყოფილებისთვის საზიანოა. ის მსახიობია, რომელიც ეპიზოდურ როლს ასრულებს, თუმცა აუდიტორიის წინაშე მთავარი როლის შესრულებას ცდილობს, წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ კი სცენას ტოვებს.

 ამ ვითარებაში მორატამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მან კარიერის მადრიდის ''ატლეტიკოში'' გაგრძელება გადაწყვიტა. მორატამ სამ კლუბში ექვს მწვრთნელთან იმუშავა, თუმცა ''ატლეტიკო'' მათგან განსხვავდება, რადგან მადრიდული გუნდის შენების მთავარი შემოქმედი მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონეა.

არგენტინელი სპეციალისტი სიმკაცრით, მახვილგონივრულობით, სიჯიუტითა და ბრძოლისუნარიანობით დღევანდელი ფორმაციის ''ატლეტიკოს'' ქმნიდა. სიმეონე ''ატლეტიკოს'' მთავარ მწვრთნელად 2011 წელს დაინიშნა და მას შემდეგ კლუბმა ევროპა ლიგა ორჯერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ ითამაშა. გარდა ამისა 2013-14 წლების ლა ლიგის სეზონი ''ატლეტიკოს'' ტრიუმფით დასრულდა.  სიმეონეს ფაქტორი მთავარი განმასხვავებელი ნიშანია მორატას ყოფილ კლუბებთან მიმართებაში.

მორატას ყოფილი თანაგუნდელის, ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის აზრით თუ ესპანელი მენტალურ სირთულეებს დაძლევს, მას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. დღეს მორატა სრულყოფილ მენტორთან მოხვდა, რომელთან მუშაობით ფეხბურთელს ბუფონის რჩევის გათვალისწინების შესაძლებლობა ექნება, მიუახლოვდება მწვერვალებს და ბევრ გოლს გაიტანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები