Aa
Aa

"რეალთან" 6:2-მდე - ჩავი, მესი და ანრი ხსნიან თუ როგორ შეიქმნა "ცრუ 9"

კინოკომპანია Universal-მა პეპ გუარდიოლას „ბარსელონას“ შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელიც 2008-2012 წლებში კატალონიურ კლუბში განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ფილმის სახელწოდება გახლავთ 'Take the Ball, Pass the Ball' - მიიღე ბურთი, პასი გააკეთე.

ფილმის კინოპრემიერა უკვე შედგა, თუმცა ინტერნეტსივრცეში ჯერ ის ხელმისაწვდომი არ გახლავთ.

ესპანურმა Marca-მ ფილმის მცირე მონაკვეთი გაასაჯაროვა, სადაც ჩავი, მესი და ტიერი ანრი საუბრობენ „ცრუ ცხრიანის“ შექმნაზე, რომელიც „ელ კლასიკოს“ წინ მოხდა. საბოლოოდ „ბერნაბეუზე“ შეხვედრა „ბარსამ“ 6:2 მოიგო.

„ბლაუგრანას“ ტრიო სწორედ ამ მატჩისწინა სამზადისს იხსენებს.

ჩავი: “6-2-ის მოგება განსაკუთრებული იყო, რადგან ჩვენ ტაქტიკურად რაღაც ახალი შევქმენით“.

ანრი: „ცრუ ცხრიანმა არსებობა სწორედ ამ დღიდან დაიწყო“.

მესი: „პეპმა კლასიკომდე ერთი დღით ადრე დამირეკა და ბაზაზე მისვლა მთხოვა, რათა პოზიციების შეცვლა განგვეხილა. ტიტო ვილანოვასთან ერთად მე მატჩებს ვუყურებდი და მათ გადაწყვიტეს, რომ რაღაც ახალი გაეკეთებინათ“.

ჩავი: „გუარდიოლამ სისტემა შეცვალა. მან ანრის უთხრა, რომ ცენტრალურ მცველებს შორის ეთამაშა, ხოლო ეტოოს მცველებს შორისა და პლუს უკან. პეპმა გაანალიზა, რომ მადრიდელთა დაცვა და ნახევარდაცვა პრესინგს არ თამაშობდა. ისინი ცენტრფორვარდს მჭიდროდ არასდროს მეურვეობდნენ და ჩვენ მესის სახით შევქმენით ცრუ ცხრიანი, რომელიც მოედნის სიღრმიდან ეტოოსთან ერთად რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდა. ბურთთან ყოფნისა და მისი გაკონტროლების დროს ჩვენ ყოველთვის ერთით მეტნი ვიყავით. რიცხობრივ უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ვინარჩუნებდით“.

მესი: „ეს რეალისთვის რაღაც ახალი იყო. მათ ჩვენ ძალიან კარგად ვყავდით შესწავლილი. როცა მე უკან ვიხევდი და სიღრმიდან ვმოქმედებდი მათი ცენტრალური მცველები უკან აღარ მომყვებოდნენ. ერთხელაც, როდესაც საჯარიმოს ტერიტორია დავტოვე და მოედნის სიღრმიდან შევუტიე, მეტოქის მცველები იმ მომენტში ამომყვნენ. სწორედ ამ დროს ანრისა და ეტოოს სივრცე შეექმნათ, რომელშიც ისინი შეიჭრნენ და ასე გავიტანეთ პირველი გოლი“.

 

ანრი: „მესის დახმარებამ სწორედ ისეთი შედეგი გამოიღო როგორსაც მწვრთნელი ელოდა. ლეომ პოზიცია შეიცვალა და გუნდის შეტევები უფრო ხანგრძლივი გახდა, მე შევიჭერი სივრცეში, ეტოო მეორე მხარეს მოქმედებდა და ამან იმუშავა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები