რაჰიმ სტერლინგი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
Aa
Aa

რაჰიმ სტერლინგი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, რაჰიმ სტერლინგმა, პრემიერ ლიგის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაისაკუთრა. "ქალაქელებმა" ამ თვეში ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარეს, თუმცა სტერლინგმა მონაწილეობის მიღება 6 გოლში მოახერხა.

რაჰიმის ანგარიშზე 3 შეგდებული ბურთი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა. განსაკუთრებით გამორჩეული "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა გამოდგა, რომელიც მანჩესტერელებმა 6-1 მოიგეს. სტერლინგმა ჯერ აგუეროს გაატანინა, შემდეგ დუბლი მიითვალა და ბოლოს შედეგიანი გადაცემა ლეროი სანეს გაუკეთა.

"წმინდანების" შემდეგ რაჰიმმა "ვესტ ჰემთან" გაიბრწყინა. "ჩაქუჩების" წინააღმდეგ მან აქტივში გოლი და ასისტი ჩაიწერა. მიუხედავად ამისა სტერლინგის გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. მოგეხსენებათ რაჰიმს "ჩელსის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა რასობრივ საფუძველზე შეურაცხყოფა მიაყენა და "ნისლიან ალბიონზე" ამ ფაქტს სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. 

ინგლისელმა ფეხბურთელმა მასმედიის წარმომადგენლები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რასიზმის განმაპირობებელი ფაქტორი ბრიტანულ გაზეთებში შავკანიანი მოთამაშეების "განსაკუთრებულად" წარმოჩენაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები