Aa
Aa

6 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" კვლავ დამარცხდა

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტი“ კრიზისში იმყოფება. გამთენიისას „პისტონსი“ „ფილადელფიას“ დაუპირისპირდა და უშანსოდ, 116 – 102, დამარცხდა.  დეტროიტელებმა მეტოქისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხეს და მათი უპირატესობით არცერთი მეოთხედი დასრულებულა.

ბლეიკ გრიფინის არყოფნაში „პისტონსს“ 28 ქულით ლუკ კენარდმა ულიდერა. ანდრე დრამონდმა აქტივში 21 ქულა და 17 მოხსნა ჩაიწერა. რეჯი ჯექსონი 15 ქულით გამოირჩა, ხოლო ხოსე კალდერონმა თავი 11 ქულას მოუყარა.

ტრადიციულად ზაზა ფაჩულია შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 10 წუთი გაატარა და ამ დროში გუნდს 6 ქულა, 4 მოხსნა 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

„ფილადელფიამ“ გამარჯვება გუნდური კალათბურთის ხარჯზე მოიპოვა. „სიქსერსის“ რიგებში 10 ქულიანი ნიშნული ერთბაშად შვიდმა მოთამაშემ გადალახა. 24 ქულით საუკეთესო კი ჯოელ ემბიდი გახლდათ.

„დეტროიტისთვის“ აღნიშნული მარცხი მიჯრით მეხუთე გამოდგა. „პისტონსი“ 13 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები