17 წლის ფეხბურთელის 80-მეტრიანი რეიდი და სადებიუტო გოლი ეროვნულ ლიგაში
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, 33-ე ტურში ბოლნისის ''სიონი'' ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე თბილისის ''ლოკომოტივთან'' 1:2 დამარცხდა.
58-ე წუთზე დავითაშვილი-კობახიძე-გავაშელიშვილის კომბინაცია გოლით დასრულდა. კობახიძის საგოლე გადაცემისას ლუკა ნოზაძემ ბურთს ფეხი ააცილა და მეკარესთან პირისპირ გასულმა გავაშელიშვილმა ანგარიში გახსნა.
მე-80 წუთზე ''ლოკომოტივმა'' მეორე გოლი გაიტანა. თბილისური კლუბის კონტრშეტევისას რევაზ ინჯგიამ დაახლოებით 80-მეტრიანი რეიდი განახორციელა, 17 წლის შემტევმა ბურთი საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და მეტოქის საჯარიმომდე ირბინა, შემდეგ კი ზუსტი დარტყმით ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი შეაგდო.
17 წლის რევაზ ინჯგია ეროვნულ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს. მან თბილისის ''ლოკომოტივის'' მაისურით 16 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე პასია. ნიჭიერ ფეხბურთელს საქართველოს 19 ნაკრების მაისურით 5 მატჩი აქვს ჩატარებული.

ბოლნისის ''სიონის'' მხრიდან ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე ბიძინა მახარობლიძემ გაიტანა. ლაშა ლეჟავას გადაცემის შემდეგ მეკარე თევდორაძე შეცდა და მახარობლიძემ შანსი გამოიყენა.
''სიონის'' მთავარი მწვრთნელის, თემურ შალამბერიძის მატჩისშემდგომი კომენტარი
''სიონი'' 31 ქულით მე-8 ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება თბილისის ''ლოკომოტივს.''
შეგახსენებთ, მე-10 ადგილოსანი ეროვნულ ლიგას დატოვებს, ხოლო მე-8 და მე-9 პოზიციაზე გასული კლუბები გადათამაშებაში ეროვნული ლიგა 2-ის მეორე და მესამე ადგილოსნებს შეხვდებიან.
ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ''საბურთალო'' ''მიხეილ მესხზე'' თბილისის ''დინამოს'' უმასპინძლებს. მატჩი 26 ნოემბერს 19:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში გიორგი ჭიაბრიშვილის კლუბი ჩემპიონობას იზეიმებს.
ფოტო/ვიდეო: fcloco.ge, eliga.ge, fcsioni.ge