ჭანტურიშვილის გოლების სერია გრძელდება
სლოვაკეთში, ფორტუნა ლიგაში ტრნავის ''სპარტაკის'' ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა აქტივში მორიგი გოლი ჩაიწერა. ''სპარტაკის'' და ''ნიტრას'' შეხვედრის 55-ე წუთზე ჭანტურიშვილმა ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში 1:1 გახდა.
25 წლის ჭანტურიშვილმა სლოვაკური კლუბის მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 7 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო.
ქართველის გოლიდან ორ წუთში მასპინძლები დაწინაურდნენ, ჭანტურიშვილის აქტიურობას კუბილაი ილმაზის გოლი მოჰყვა და ანგარიში 2:1 გახდა.
''სპარტაკს'' მესამე დამატებულ წუთზე გრენდელი გაუძევეს. ''ნიტრამ'' გოლები პირველ და მეექვსე დამატებულ წუთებზე გაიტანა და გასვლით მატჩში დრამატული გამარჯვება მოიპოვა - 2:3. ქართველი ფეხბურთელების გუნდმა 3 ქულა დაკარგა.
''სპარტაკის'' სასტარტო შემადგენლობაში ვახტანგ ჭანტურიშვილის გარდა დავით სხირტლაძე მოხვდა. ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სხირტლაძე 89-ე წუთზე შეცვალეს.
12-გუნდიან ფორტუნა ლიგაში ''სპარტაკი'' 18 ქულით მე-6 ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში ''ორენბურგმა'' შინ ''უფა'' 1:0 დაამარცხა. ''უფას'' სამატჩო განაცხადში ჯიმი ტაბიძე არ იმყოფებოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, რომ მისი უთამაშებლობის მიზეზი სხეულის მაღალი ტემპერატურაა.
16-გუნდიან ლიგაში ''უფა'' 14 ქულით მე-14 ადგილზეა.
