დიდიე დროგბა:
Aa
Aa

დიდიე დროგბა: "რომ არა ჟოზე"...

დიდიე დროგბას შეუძლია თავისი საფეხბურთო კარიერით იამაყოს. კოტ-დივუარელმა 20 წლის მანძილზე უამრავი გულშემატკივარი გაახარა და მათ გულებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

დროგბა ნამდვილად გამორჩეული მოთამაშე გახლავთ. მან მშობლიური ქვეყნისთვის და ზოგადად ფეხბურთისთვის ძალიამ ბევრი რამ გააკეთა, თუმცა რომ არა ჟოზე მოურინიო ყველაფერი შეიძლება აბსოლუტურად სხვანაირად განვითარებულიყო.

წარსულზე საუბრისას დიდიემ "ჩელსიში" გადადგმული პირველი ნაბიჯები გაიხსენა და რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო: "საკუთარ თავში ეჭვი მხოლოდ ერთხელ შემეპარა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც "მარსელიდან" "ჩელსიში" გადავედი. ორ წელიწად-ნახევრის წინ საფრანგეთის მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბის სათადარიგო სკამზე ვიჯექი და უეცრად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში აღმოვჩნდი".

"უცხო ქვეყანა, განსხვავებული კულტურა... იყო მომენტები, როცა საკუთარ თავს ასეთ კითხვებს ვუსვამდი - იქნებ ეს ყველაფერი ძალიან ადრეა? შევძლებ კი ლონდონში თავის გამოჩენას? იქნებ ზედმეტი მომივიდა"?

"წარუმატებლობის განცდის შიში მქონდა და საკმაოდ რთული სადებიუტო სეზონის შემდეგ მოურინიოსთან მივედი და ვუთხარი: "ჩელსიში" ბედნიერი არ ვარ და ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ გუნდს დავტოვებ". ჟოზე კატეგორიულ უარზე იყო. პორტუგალიელის გეგმებში ჩემი გაშვება არ შედიოდა. მოურინიო მუდამ მიმეორებდა, რომ ჩემს დახმარებას აუცილებლად შეძლებდა".

"საფრანგეთში ყველაფერი კარგად იყო და თავს მშვენივრად ვგრძნობდი. ლონდონში გატარებული ძალიან რთული პირველი სეზონის შემდეგ ისევ კომფორტის ზონაში დაბრუნება და "მარსელის" რიგებში თამაში მსურდა. შემდეგ კი ჟოზეს ნათქვამი ფრაზები მოვისმინე და ყველაფერი შეიცვალა"...

"მან გუნდს ასე მიმართა: "თუ გსურთ რომ ერთადერთი მეფე იყოთ, იმ კლუბებს დაუბრუნდით, საიდანაც მოხვედით და 100 გოლი გაიტანეთ. "ჩელსიში" ყველაფერი სხვანაირადაა! აქ 22 მეფეა! ან ამ ფაქტს შეეგუებით და წარმატების მისაღწევად სხვებთან ერთად იშრომებთ, ან სხვა გუნდში წასვლა მოგიწევთ".

"ზუსტად მაშინ მივხვდი რომ საკუთარ თავზე მუშაობა და მომდევნო ეტაპზე გადასვლა მმართებდა. წარმატებულ ფეხბურთელად სწორედ ასე ვიქეცი... რომ არა ჟოზე არავინ იცის რა მოხდებოდა".

"მოურინიოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. მისმა ნათქვამმა ფრაზამ: "მე შენთან ერთად ომშიც კი წამოვალ" საკუთარი თავის რწმენა შემმატა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები