გარი ნევილმა პოლ სქოულზის საფეხბურთო კარიერის პირველი ნაბიჯები გაიხსენა
Aa
Aa

გარი ნევილმა პოლ სქოულზის საფეხბურთო კარიერის პირველი ნაბიჯები გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდების დარბაზში გარი ნევილსა და პოლ სქოულზს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. მათ „წითელი ეშმაკების“ მაისურით უამრავი ტიტული დაისაკუთრეს და კლუბის ისტორიაში საკუთარი სახელები ოქროს ასოებით ჩაწერეს.

სერ ალექს ფერგიუსონის ლეგენდარულ გუნდში ორივე ფეხბურთელი შესანიშნავად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით პოლი გამოირჩეოდა, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი ნახევარმცველია. მიუხედავად ამისა თავდაპირველად ყველაფერი აბსოლუტურად სხვანაირად იყო... 

„იუნაიტედის“ ყოფილმა მარჯვენა მცველმა, გარი ნევილმა, სქოულზის კარიერის საწყისი ეტაპის შესახებ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და ქომაგებს რამდენიმე საინტერესო ფაქტი გაუმხილა.

„30 წლის წინ, ჩემთვის რომ გეთქვათ პოლ სქოულზი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი ნახევარმცველი გახდებაო, არაფრის დიდებით დაგიჯერებდით“.

„პოლი ძალიან პატარა და სუსტი მოთამაშე გახლდათ. მას ენერგია და ძალა საერთოდ არ ჰქონდა. მისთვის ბურთის ართმევა კი ძალიან ადვილი იყო. პატარა სქოულზს ასთმა სჭირდა და ბევრს ვერ დარბოდა. იგი სხარტი არასდროს ყოფილა და სისწრაფეში სხვა ფეხბურთელებს მუდამ ჩამორჩებოდა“.

„წარმოიდგინეთ 12-13 წლის პოლი ნიკი ბატის წინააღმდეგ თამაშობდა. ეს უკანასკნელი ნამდვილი ცხოველი იყო. მას ყველაფერი ჰქონდა, სისწრაფე, ძალა და ტექნიკა... ბატის გარდა იმ გუნდში მაღალი დონის ბევრი ფეხბურთელი ასპარეზობდა. ყველა მათგანი რაღაცით გამორჩეული იყო, მათ პირისპირ კი პატარა და სუსტი სქოულზი იდგა“....

„ყველაფერთან ერთად მას სათამაშო დროც არ ეძლეოდა. თუ სწორად მახსოვს თავის პირველ სეზონში (1992 წელს) მას ახალგაზრდული გუნდის მაისურით არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია. ერთი წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მან ლუდის სმა მიატოვა და პარასკევობით ნამცხვრის ჭამაზეც უარი განაცხადა. ამან თავისი შედეგი გამოიღო და სულ მალე სქოულზი აბსოლუტურად განსხვავებულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა“.

„კლუბის წარმომადგენელთა უმრავლესობა პოლს როგორც რიგით ფეხბურთელს ისე ეპყრობოდა, მაგრამ ბრაიან კიდი მას აღმერთებდა! ეს უკანასკნელი დარწმუნებული იყო, რომ სქოულზი დიდ ფეხბურთს ითამაშებდა და მის შესახებ ფერგის ხშირად ესაუბრებოდა“.

„საბედნიეროდ ბრაიან კიდის წინასწარმეტყველება ახდა! სულ მალე ბიჭი, რომელსაც სისწრაფე აკლდა, ბევრს ვერ დარბოდა და ფიზიკურად ძალიან სუსტი იყო შესანიშნავ მოთამაშედ იქცა. პოლი საუკეთესოა იმ ფეხბურთელთა შორის, რომელთა მხარდამხარაც მითამაშია“.

„მახსოვს 16 წლის ასაკში იგი მარცხენა ფლანგზე გაამწესეს. რატომ?! ცენტრალურ ნახევარდაცვაში მისი ადგილი არ იყო! „მანჩესტერის“ სამწვრთნელო შტაბს პოლის მუდამ სჯეროდა, მაგრამ როდესაც შენს წინააღმდეგ ორი 15 წლის „ცხოველი“ თამაშობს, რთულია რაიმემ დახმარება გაგიწიოს".

„ტალახიან მოედნებზე ნამდვილი ბრძოლა იმართებოდა. გამარჯვებას კი ყველაზე ძლიერი მოთამაშე ისაკუთრებდა. ამ პატარა ბიჭმა, რომელიც მოედნის ცენტრში გამართულ „დაპირისპირებებს“ გაარიდეს და დაცვის მარცხენა ფლანგზე გაამწესეს, სასწაული ჩაიდინა და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად იქცა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები