ყველაფერი რაც ლეგიონერებზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი რაც ლეგიონერებზე გამოგრჩათ

რუსეთის საფეხბურთო თასის გათამაშების 1/8-ფინალურ ეტაპზე ''ურალმა'' დამატებით დროში ''ნიჟნი ნოვგოროდი'' 2:0 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. დამატებით დროში ''ურალმა'' 2 გოლი გაიტანა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს გიორგი ჭანტურია დაუბრუნდა, რომელიც თამაშში დამატებით დროში ჩაერთო და მეორე გოლისას საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

პრემიერლიგის გასული სეზონის 24-ე ტურში გიორგი ჭანტურია ''რუბინთან'' შეხვედრაში დაშავდა. 25 წლის ფეხბურთელმა მარცხენა მუხლის ჯვარედინის მყესები დაიზიანა და ფეხბურთს რამდენიმე თვით დაემშვიდობა. ჭანტურიამ მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი ''ნიჟნი ნოვგოროდთან'' ჩაატარა.

უზბეკეთში ჩემპიონობისთვის ბრძოლას ტაშკენტის ''ლოკომოტივი'' აგრძელებს, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კახა მახარაძე ასპარეზობს. სუპერლიგის საუკეთესო ექვსეულის მე-6 ტურში ''ლოკომოტივმა''  ბეკაბადის ''მეტალურგი'' 1:0 დაამარცხა.

66-ე წუთიდან ''მეტალურგმა'' რიცხვობრივ უმცირესობაში ითამაშა. ''ლოკომოტივმა'' გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე შეაგდო. მახარაძემ 90 წუთი ითამაშა.

საუკეთესო ექვსეულში ''ლოკომოტივი'' 36 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ''ფახთაქორს'' 9 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე ''ლოკომოტივი'' 4 მატჩს ჩაატარებს, არველაძის გაწვრთნილი ''ფახთაქორი'' კი - ხუთს. ''ლოკომოტივი'' და ''ფახთაქორი'' ერთმანეთის წინააღმდეგ 2 მატჩს ჩაატარებენ. ამ ეტაპზე ჩემპიონობის ფავორიტი ''ლოკომოტივია.''

უკრაინის თასის გათამაშების 1/8 ფინალურ ეტაპზე დონეცკის ''შახტარმა'' დონეცკის ''ოლიმპიკი'' 3:2 დაამარცხა. გამარჯვებულთა მაისურით ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ 90 წუთი ითამაშა. არბიტრმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი 44-ე წუთზე გააფრთხილა.

ხოჭოლავას გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მისი თავური დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოვიდა. ''ოლიმპიკის'' მეორე გოლისას ხოჭოლავა აშკარად შეცდა, რადგან კონკრეტულად მის წინააღმდეგ მოთამაშე გაიმ გოლის გატანა მოახერხა.''შახტარმა'' გამარჯვების გოლი 83-ე წუთზე შეაგდო და მეოთხედფინალში გავიდა.

უკრაინის თასის მერვედფინალში ჩერნიგოვის ''დესნასა'' და ლუგანსკის ''ზორიას'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. უგოლოდ დასრულებული დამატებითი დროის შემდეგ ''ზორიამ'' პენალტების სერიაში 5:4 გაიმარჯვა. ''ზორიას'' ქართველმა მეკარე ზაურ მახარაძემ სასტარტოში ითამაშა და 5-დან 1 პენალტი მოიგერია, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ზაურ მახარაძე ევროპა ლიგაზე ''ბრაგასთან'' შეხვედრის დაწყებამდე 

ზაურ მახარაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე

''დესნას'' სამატჩო განაცხადში 24 წლის ნახევარმცველი ლუკა კობერიძე მოხვდა, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

უკრაინის თასის მერვედფინალში პოლტავის ''ვორსკლამ'' სტუმრად ოდესის ''ჩერნომორეცი'' 2:1 დაამარცხა. ''ვორსკლას'' სასტარტო შემადგენლობას ქართველი მცველი ანდრო გიორგაძე დაუბრუნდა. ''ვორსკლას'' ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ტრავმირებულია. ''ვორსკლა'' მეოთხედფინალში ითამაშებს.

ბელგიის ჩემპიონატის მე-12 ტურში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტმა" "შარლერუას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ხსენებული მატჩი ჩაკვეტაძის ბენეფისად იქცა. 19 წლის ქართველმა ტალანტმა დუბლი გაიფორმა და შეხვედრის მთავარ მოქმედ პირად მოგვევლინა. voetbalprimeur.be-ს ვერსიით ჩაკვეტაძე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

 უნგრეთის თასის გათამაშების 1/32-ფინალურ ეტაპზე ''დიორი'' შინ ''უიპეშტთან'' 2:3 დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, დამატებით დროში კი ''უიპეშტმა'' გაიმარჯვა, რომლის მაისურით ქართველმა შემტევმა გიორგი ბერიძემ ითამაშა. მესტიაში დაბადებულმა 22 წლის ნახევარმცველმა 76-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა და ანგარიში 2:2 გახდა.

 

მიმდინარე სეზონის დასაწყისში ბელგიურმა ''გენტმა'' ბერიძე უნგრულ კლუბში გაანათხოვრა

უნგრეთის თასის 1/32-ფინალურ ეტაპზე ბუბა დაუშვილის ''ჰალადაშმა'' სტუმრად ''სარვაში'' 3:1 დაამარცხა. ქართველმა საყრდენმა მოგებულ მატჩში მონაწილეობა მიიღო. ბაჩო არაბულის ''პუშკაშმა'' ''დუნაუივაროშს'' 2:0 სძლია. ქართველ ფორვარდს მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია.

არაბულმა თამაშს თვალი ტრიბუნიდან ადევნა

ბელარუსულმა ''ნემანმა'' ქართველ მცველ გიორგი ქანთარიასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით 21 წლის მოთამაშე კლუბის ღირსებას 2019 წლის ბოლომდე დაიცავს.ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

''ზუგდიდის'' ყოფილი ფეხბურთელი ''ნემანის'' მაისურით 2017 წლიდან ასპარეზობს და გუნდის მაისურით 46 მატჩი ჩაატარა.

ევრო 2019-ის შესარჩევ ციკლში ქანთარიამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა.

 ყაზახეთის პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა ''ყიზილჟარმა'' უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. ''ყიზილჟარმა'' საკუთარ მოედანზე მეორეადგილოსანი ''ქაირათი'' 2:1 დაამარცხა. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს შეაგდეს და პრემიერლიგაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

''ყიზილჟარის'' ქართველმა მცველმა გიორგი ფოფხაძემ 90 წუთი ითამაშა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა შოთა გრიგალაშვილმა კუნთი გაიწყვიტა და გუნდს ვერ ეხმარება.

პრემიერლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ''ყიზილჟარი'' მე-8 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებს.

32 წლის გიორგი ფოფხაძე ''ქაირათთან'' მატჩში

პოლონეთის თასზე პლოცკის ''ვისლამ'' სტუმრად გრუდზენდზის ''ოლიმპია'' 7:2 გაანადგურა. გამარჯვებულთა მაისურით გიორგი მერებაშვილს არ უთამაშია. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი სათადარიგო იყო. ''ვისლა'' შემდეგ ეტაპზე გავიდა.

 ფოტო: fc-ural.ru, shakhtar.com, championat.asia, ujpestfc.hu, zarya-lugansk.com, pfla.hu, gff.ge, sports.kz, fcneman.by, chernomorets.odessa.ua

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები