ყველაფერი რაც ლეგიონერებზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი რაც ლეგიონერებზე გამოგრჩათ

რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში მოსკოვის ''ლოკომოტივმა'' სტუმრად ''ენისეი'' 3:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა ქართველმა მცველმა სოლომონ კვერკველიამ 90 წუთი ითამაშა, თუმცა ტრავმის გამო მოედანი სამი წუთით დატოვა. კვერკველია ''ენისეის'' სომეხ ფორვარდს, არტურ სარქისოვს შეეჯახა და მოედანი დატოვა. მედიკოსთა დახმარების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მოედანს დაუბრუნდა.

''ლოკომოტივმა'' პრემიერლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. იური სიომინის გუნდი 21 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ ''ზენიტს'' 7 ქულით ჩამორჩება.

ბელგიის ჩემპიონატის მე-12 ტურში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტმა" "შარლერუას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ხსენებული მატჩი ჩაკვეტაძის ბენეფისად იქცა. 19 წლის ქართველმა ტალანტმა დუბლი გაიფორმა და შეხვედრის მთავარ მოქმედ პირად მოგვევლინა.

voetbalkrant-ის ვერსიით ჩაკვეტაძე სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მეორედ მოხვდა

 ლატვიის საფეხბურთო ჩემპიონატის 26-ე ტურში ''რიგასმა'' სტუმრად იურმალაში, ''სპარტაკი'' 4:0 დაამარცხა. მესამე გოლი 89-ე წუთზე ბექა ვაჩიბერაძის ანგარიშზეა, რომელმაც თანაგუნდელის ტექნიკური გადაცემა გამოიყენა.

 

''რიგასის'' მაისურით ვაჩიბერაძემ 90 წუთი ითამაშა, ხოლო ირაკლი სიხარულიძე და ლაშა შერგელაშვილი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. ''რიგასის'' კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ამპლუით მცველი ნიკა სანდოხაძე სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა, 24 წლის მოთამაშე ტრავმირებულია.

დონეცკის ''შახტარისა'' და ''ბეტისის'' ყოფილმა ნახევარმცველმა ბექა ვაჩიბერაძემ ლატვიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 5 გოლი შეაგდო.

ლიეტუვას ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ''რიგა'' 60 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილს 55 ქულით ქართველების ''რიგასი'' იკავებს.

ლიეტუვას ა ლიგის საუკეთესო ექვსეულის პირველ ტურში ''სტუმბრასმა'' ''ატლანტასი'' 6:0 გაანადგურა. გამარჯვებულთა მაისურით ლევან მაჭარაშვილმა დუბლი შეასრულა. მან გოლები 57-ე და 61-ე წუთებზე გაიტანა. 67-ე წუთზე მაჭარაშვილის დარტყმას მოჰყვა მეხუთე გოლი სტუმართა კარში.

 

21 წლის მაჭარაშვილმა სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა და 76-ე წუთზე შეცვალეს.

ლიეტუვას ა ლიგის საუკეთესო ექვსეულში ''სტუმბრასი'' 48 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან ''ჟალგირისს'' 17 ქულით ჩამორჩება.

 მალტის საფეხბურთო ჩემპიონატში ''სენგლი ატლეტიკმა'' სტუმრად 2:1 დაამარცხა ''სენტ ენდრიუსი.'' ''სენგლი ატლეტიკის'' სასტარტო შემადგენლობაში რომან ჭანტურია მოხვდა, რომელმაც 45-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გახსნა. ჭანტურიამ მალტაზე სადებიუტო გოლი შეაგდო. ჭანტურია 54-ე წუთზე გააფრთხილეს, 87-ე წუთზე კი შეცვალეს. 

 

მალტის 14-გუნდიან ჩემპიონატში ''სენგლი ატლეტიკი'' 4 ქულით ბოლო ადგილზეა. ასევე 4 ქულაა  ''კორმის'' ანგარიშზე.

შოთა არველაძე სამწვრთნელო კარიერაში პირველ ტიტულთან ახლოს იყო, თუმცა მისი გაწვრთნილი ტაშკენტის ''ფახთაქორი'' უზბეკეთის თასის ფინალში აგმკ-სთან 1:3 დამარცხდა.

''ფახთოქის'' მთავარ მწვრთნელს ასისტენტობას გოჩა ტყებუჩავა უწევს, ხოლო გუნდის მთავარი სელექციონერი არჩილ არველაძეა.

დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში ''რანდერსი'' შინ ''ესბიერგთან'' 0:2 დამარცხდა. ''ესბიერგის'' ქართველი ლიდერი ლაშა პარუნაშვილი 27-ე წუთზე გააძევეს, მას მეორე ყვითელი ბარათი საბა ლობჟანიძის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის შემდეგ უჩვენეს.

 

 

''ესბიერგმა'' გოლები მე-16 და 24-ე წუთებზე გაიტანა. 14 ტურის შემდეგ ''ესბიერგი'' 24 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერებს, ''კოპენჰაგენსა'' და ''მიდტიულანდს'' 7 ქულით ჩამორჩება.

საბა ლობჟანიძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა. მას მეორე ტაიმში გოლის გატანის ერთი შანსი ჰქონდა, თუმცა მისი სახიფათო დარტყმა მეკარემ მოიგერია.

ლუქსემბურგის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ''დუდელანჟმა'' სტუმრად 6:0 გაანადგურა ''სანდვაილერი.'' გამარჯვებულთა სასტარტო თერთმეტეულში ლევან ყენია მოხვდა, რომელიც 75-ე წუთზე შეცვალეს. ამ გამარჯვებით ''დუდელანჟი,'' რომელიც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს, ლუქსემბურგის თასის მერვედფინალში გავიდა.

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-13 ტურში ''პოგონი'' საკუთარ მოედანზე ''ლეხს'' შეხვდა. პირველი ტაიმი ''პოგონის'' გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მეორე გოლი 41-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა გაიტანა. საბოლოოდ ''პოგონმა'' 3:0 მოიგო, დვალმა კი 90 წუთი ითამაშა.

მიმდინარე სეზონში pilkanozna.pl-ის ვერსიით ''პოგონის'' ქართველი მცველი ლაშა დვალი სიმბოლურ გუნდში მეორედ მოხვდა

პოლონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში გდინიას ''არკა'' დერბიში. ჩემპიონატის ლიდერ გდანსკის ''ლეხიასთან'' დამარცხდა. ''არკას'' ქართველმა ''ათიანმა'' ლუკა ზარანდიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. 

 

65-ე წუთიდან ქართველი შემტევის გუნდი რიცხვობრივ უმცირესობაში, 10 ფეხბურთელით თამაშობდა. ''ლეხიამ'' გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე შეაგდო. 16-გუნდიან ჩემპიონატში ''არკა'' 17 ქულით მე-8 ადგილზეა.

მოსკოვის ''სპარტაკმა'' ყაზანში ''რუბინთან'' ფრედ 1:1 ითამაშა. მოსკოვური გუნდის განაცხადში ჯანო ანანიძე არ იმყოფებოდა, რომელიც კვლავ ინდივიდიალურად ემზადება. 

MLS-ის დასავლეთ კონფერენციის 2018 წლის ბოლო ტურში ''სიეტლმა'' შინ 2:1 დაამარცხა ''სან ხოსე,'' რომლის სამატჩო განაცხადში გურამ კაშია არ იმყოფებოდა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო იყო, მას თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

2018 წელს ''სან ხოსემ'' 34 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში 21 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.

ფოტო: gettyimages.ae, bt.dk, voetbalkrant.com, fclm.ru, rka.gdynia.pl

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები