Aa
Aa

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ბრუკლინი" დაამარცხა

„დეტროიტ პისტონსის“ მაისურით ზაზა ფაჩულიამ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ქართველმა ცენტრმა მშვენივრად იასპარეზა  და დეტროიტელებმა საკუთარ არენაზე „ბრუკლინ ნეთსს“ სამქულიანი სხვაობით, 103-100, სძლიეს.

„პისტონსის“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი გრიფინი-დრამონდის დუეტმა შეიტანა. ბლეიკმა მატჩი 26 ქულით, 8 მოხსნით და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა, ანდრემ კი აქტივში 24 ქულა და 20 მოხსნა ჩაიწერა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 14 წუთი გაატარა და 6 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

ბრუკლინენთა რიგებში საუკეთესო კარის ლევერტი იყო. 24 წლის კალათბურთელმა „ნეთსს“ 27 ქულა შესძინა. ჯო ჰერისმა აქტივში 13 ქულა ჩაიწერა, ხოლო ჯერეტ ალენმა მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა - 17 ქულა, 10 მოხსნა.

შემდეგ შეხვედრაში ზაზა ფაჩულია და კომპანია სტუმრად „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები