''ასეთ დებიუტს არ ველოდი'' - ''ვაგებდით, მაგრამ არ გავტყდით''
Aa
Aa

''ასეთ დებიუტს არ ველოდი'' - ''ვაგებდით, მაგრამ არ გავტყდით''

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა ტურში ფინეთის ნაკრები საკუთარ კედლებში საქართველოსთან 1:2 დამარცხდა. პირველი ტაიმი ფინეთმა 1:0 მოიგო. შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა პენალტი მოიგერია. 75-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა. თერთმეტმეტრიანი ''საბურთალოს'' ფორვარდმა გიორგი კოხრეიძემ გამოიმუშავა.

გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსული ირაკლი ბუღრიძის ანგარიშზეა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მან მოედანზე გამოსვლიდან რამდენიმე წამში შესანიშნავი გოლი შეაგდო.

 

Crystalsport-ს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები, ლიტვური ''შტუმბრასის'' ნახევარმცველი ლევან მაჭარაშვილი და ''ჩიხურას'' შემტევი ირაკლი ბუღრიძე ესაუბრნენ.

ირაკლი ბუღრიძე: ''ფინეთთან შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა გვაჯობეს, თუმცა მეორე ტაიმი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც მატჩის მიწურულს შედეგშიც აისახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩავატარე. ამდენად წარმატებულ დებიუტს არ ველოდი. მით უმეტეს, როცა მოედანზე გამოვედი მატჩის დასრულებამდე მხოლოდ 4 წუთი იყო დარჩენილი. ყველაფერი იდეალურად გამოვიდა როგორც ჩემთვის და როგორც ნაკრებისთვის.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს პოლონეთთან გასვლითი მატჩით დავასრულებთ. პოლონეთისთვის 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, მეტოქე შეტევებს მაქსიმალურად დიდი ძალებით განახორციელებს. პოლონეთის ნაკრების თამაში ჯერ არ გვინახავს და ამ ეტაპზე მათი თამაშის შესახებ ვერაფერს გეტყვით.

გასულ წელს თბილისის ''ლოკომოტივის'' შემადგენლობაში თამაში საერთოდ არ მიწევდა. განვითარებისთვის სათამაშო პრაქტიკა ძალიან მჭირდებოდა. ''ჩიხურა'' იდეალური ვარიანტი იყო. კლუბს მაქსიმალურად დავეხმარე და დღეს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ვარ.''

2017 წელს ირაკლი ბუღრიძემ თბილისის ''ლოკომოტივის'' მაისურით ეროვნულ ლიგაში მხოლოდ 54 წუთი ითამაშა. მიმდინარე წელს 20 წლის შემტევმა ''ჩიხურას'' შემადგენლობაში ეროვნული ლიგის 27 მატჩში 8 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ირაკლი ბუღრიძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ფინეთთან ჩაატარა და მოედანზე გამოსვლიდან 15 წამში ბრწყინვალე გოლით ცეცაძის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ლევან მაჭარაშვილი: ''ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა. ველოდით, რომ მეტოქე აქცენტს სწრაფ გოლზე გააკეთებდა. ფინელი ფეხბურთელები საწყისი წუთებიდანვე ცდილობდნენ გოლის გატანას, რაც გამოუვიდათ კიდეც. გოლის გაშვების მიუხედავად კონცენტრაცია არ დაგვიკარგავს. ბოლომდე დავიხარჯეთ. საქართველოს ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი არაა, რაც მოედანზე დავამტკიცეთ. მატჩის მიმდინარეობისას შესაძლოა აგებდე, მაგრამ მთავარია მატჩის საბოლოო შედეგი. ვაგებდით, მაგრამ არ გავტყდით. ვფიქრობ ქართველი ქომაგი, ვინც გვიყურებდა და ვინც არ გვიყურებდა, გავახარეთ.

ველოდით რომ ფინეთი ერთი კონკრეტული სქემით ითამაშებდა, თუმცა მოედანზე აღმოჩნდა, რომ მეტოქე განსხვავებული ტაქტიკით დაგვიპირისპირდა. გადაწყობა გაგვიჭირდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პირველი ტაიმი ჩავაგდეთ. შესვენებისას მთავარმა მწვრთნელმა ის დავალებები მოგვცა, რომელთა შესრულებით ფინეთს ვაჯობებდით. უფლის წყალობით ყველაფერი კარგად გამოვიდა. დასანანია, რომ პირველ ან მეორე ადგილზე გასვლის შანსი დაკარგული გვაქვს, თუმცა მესამე ადგილი გავინაღდეთ. რა თქმა უნდა მეტია საჭირო,თუმცა დღეს ეს მოცემულობაა. მადლობა ყველას, ვინც გვქომაგობდა.''

გია ცეცაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები არ დამარცხებულა. მისი ხელმძღვანელობით ქართველმა ფეხბურთელებმა 4 ოფიციალური მატჩი ჩაატარეს. ჯგუფის ლიდერ დანიასთან არ დამარცხდნენ, აუტსაიდერ ლიტვასთან ფრედ ითამაშეს, ლუკა ზარანდიას გოლით ფარერის კუნძულების ნაკრები დაამარცხეს, მე-9 ტურში კი ფინეთთან გაიმარჯვეს.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უკანასკნელ ტურში საქართველო სტუმრად მეორეადგილოსან პოლონეთს შეხვდება. მატჩი ქალაქ გდინიაში 16 ოქტომბერს გაიმართება. გდინიას ''არკაში'' ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია ირიცხება, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ ეხმარება, რადგან ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია.

მთავარ ფოტოზე: ანდრო გიორგაძის თავური დარტყმა ფინელთა მეკარემ შესანიშნავ ნახტომში მოიგერია

ფოტო: ilkka.fi, eliga.ge, gff.ge

მსგავსი სიახლეები