ჩხეტიანის 2 წელი და ტიტულები - საუკეთესო მამუკა კობახიძე
Aa
Aa

ჩხეტიანის 2 წელი და ტიტულები - საუკეთესო მამუკა კობახიძე

ეროვნული ლიგის 2018 წლის გათამაშება განახლდა. სანაკრებო პაუზის შემდეგ მე-20 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის ''ტორპედო'' თბილისში ''რუსთავს'' შეხვდა. უგოლო მატჩი ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე გაიმართა.

სატურნირო ცხრილში ''ტორპედო'' 31 ქულით მე-5 ადგილზეა და 7 ქულით მეოთხეადგილოსან ''ჩიხურას'' ჩამორჩება, თუმცა ქუთაისურ კლუბს სამით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული. ''რუსთავი'' 26 ქულით მე-6 ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება ''ტორპედოს.'' 

ქუთაისის ''ტორპედოს'' ოფიციალურმა ვებგვერდმა კახა ჩხეტიანის გუნდის მხრიდან საუკეთესო ფეხბურთელად მამუკა კობახიძე დაასახელა. 

გასულ ზაფხულში 26 წლის ცენტრალური მცველი ''რუსთავიდან'' გადავიდა ქუთაისურ კლუბში. კობახიძემ ევროტურნირებზე ''ტორპედოს'' მაისურით 8 მატჩი ჩაატარა. მოედანზე 701 წუთი გაატარა, 2 ყვითელი ბარათი მიიღო და 1 გოლი ფარერის კუნძულების ჩემპიონ ''ვიკინგურთან'' მოგებულ შეხვედრაში შეაგდო. 

გუნდების კაპიტნები, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები, როინ კვასხვაძე და ოთარ მარცვალაძე

ქუთაისის ''ტორპედოს'' ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ მოედანი გარკვეული დროით ბარძაყის ტრავმის გამო დატოვა. ქუთაისის ''ტორპედოს'' პრესსამსახურმა crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, რომ სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რამდენ ხანს ვერ შეძლებს ცინცაძე მოედანზე გასვლას. 

''რუსთავის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე უჩა სოსიაშვილმა მეორე შეხვედრა ჩაატარა. მიმდინარე სეზონში სოსიაშვილი რუსთაველთა რიგით მესამე მთავარი მწვრთნელია. მიმდინარე სეზონი რუსთავულმა გუნდმა ვლადიმირ გაზაევის ხელმძღვანელობით დაიწყო, რომელიც შემდეგ ვარლამ კილასონიამ შეცვალა. კილასონიას წასვლის შემდეგ მთავარ მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი მოგვევლინა, რომელიც მიმდინარე სეზონში ''სამტრედიას'' წვრთნიდა, მაგრამ წარუმატებელი მუშაობის გამო პოსტი სეზონის სტარტზე დატოვა.

სოსიაშვილის დებიუტი ბოლნისის ''სიონთან'' შედგა.  29 წლის მთავარი მწვრთნელის დებიუტი წარმატებული გამოდგა, რადგან ''რუსთავმა'' 4:0 დაამარცხა თემურ შალამბერიძის გუნდი. სოსიაშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისურმა გუნდმა მეორე შეხვედრა ჩაატარა, აუტსაიდერი გაანადგურა, ჩემპიონს ქულები აართვა.

2017 წელი - სოსიაშვილი სამტრედიელთა მთავარ მწვრთნელად

კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად 2016 წლის 12 სექტემბერს დაინიშნა. მას შემდეგ ზუსტად 2 წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში იმერულმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა მიმდინარე სეზონში ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ''ტორპედოს'' ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ერთი ნაბიჯი დააკლდა. კლუბმა ისტორიაში პირველად მოახერხა ევროპა ლიგის ფლეი ოფში გასვლა, სადაც ბულგარულ ''ლუდოგორეცთან'' დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ფოტო: ''ტორპედოს'' პრესსამსახური, eliga.ge

მსგავსი სიახლეები