გორგოძე - საფრანგეთში, შაფათავა - ბულგარეთში, ბოლქვაძე - პორტუგალიაში...
Aa
Aa

გორგოძე - საფრანგეთში, შაფათავა - ბულგარეთში, ბოლქვაძე - პორტუგალიაში...

WTA-ს რეიტინგის მიხედვით, საქართველოს 3 წამყვანი ქალი ჩოგბურთელი მიმდინარე კვირას სხვადასხვა ტურნირში ითამაშებს.

მსოფლიოს 168-ე ჩოგანი, ეკატერინე გორგოძე საფრანგეთის ბასკურ ქალაქ ბიარიცში იმყოფება და იქაურ 80 000-იან გათამაშებაში ჩაერთვება. ეკო ტურნირზე მე-14 ნომრადაა განთესილი და ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ კორტზე პირველად გავა.

გორგოძის პირველი მოწინააღმდეგე რუსი, ირინა ხრომაჩევა იქნება, რომელიც მსოფლიოს 154-ე ჩოგანია, ტურნირზე კი მე-8 ნომრადაა განთესილი.

ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგშიც ითამაშებს და ბოლო პერიოდში უცვლელ პარტნიორ აკგულ ამანმურადოვასთან ერთად, ხრომაჩევასა და პიგოსის პირველ ნომრად განთესილ დუეტს დაუპირისპირდება.

ბულგარეთის ზღვისპირა და სიდიდით მე-3 ქალაქ ვარნაშია სოფია შაფათავა, რომელიც 15 000-იანი ტურნირის ერთეულთა და წყვილთა შორის ითამაშებს. 

შაფათავა ერთეულებში მე-5 ნომრადაა განთესილი და პირველ რაუნდში ჯორჯია ანდრეეა კრაციუნის შეხვდება. 19 წლის რუმინელი ამჟამინდელ რეიტინგში 630-ე პოზიციაზეა.

რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, სოფია კიდევ ერთ რუმინელთან, იოანა გასპართან ერთად ითამაშებს და ეს დუეტი მე-4 ნომრად განთესეს. ქართულ-რუმინული წყვილის პირველი მოწინააღმდეგე, კრისტინა ადამესკუსა და ელენა კადარის რუმინული დუეტია, რომელიც განუთესავია.

როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა შორის, შაფათავას მატჩი დღეს დაგეგმილი არაა. სავარაუდოდ, 29 წლის ქართველი კორტზე ხვალ გავა.

მხრის ტრავმის შემდეგ, ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს მარიამ ბოლქვაძე, რომელიც პორტუგალიაში გაემგზავრა და პატარა ქალაქ მონტემორ-ო-ნოვო-ს 15 000-იან ტურნირზე გამოვა.

ბოლქვაძე მსოფლიოს 443-ე ჩოგანია, გათამაშებაზე კი მე-2 ნომრადაა განთესილი. მისი პირველი მეტოქე 22 წლის ამერიკელი, პრიანკა შაჰი იქნება, რომელთანაც ქართველი აშკარა ფავორიტად მოიაზრება.

წყვილებს შორის, მარიამი ფრანგ ესტელ კაშინოსთანაა შეამხანაგებული. ქართულ-ფრანგული წყვილი ტურნირზე მე-2 ნომრადაა განთესილი და პირველი წრისგან თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები