დრამატული მატჩი ეროვნულ ლიგაში - თბილისური გუნდების გამარჯვებები
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართა. თბილისის ''ლოკომოტივმა'' მძიმე ბრძოლაში, დრამატულ შეხვედრაში 3:2 დაამარცხა ''სამტრედია''.
პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ სტადიონზე შეკრებილმა მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა 5 გოლი იხილა. 50-ე წუთზე რომან ჩაჩუას ჩაწოდების შემდეგ გიორგი ახალაძემ ანგარიში გახსნა. უჩა ლობჟანიძემ, გიორგი გაბაძემ და ნიკა ჭანტურიამ არადამაჯერებლად ითამაშეს. ვითარებით ''სამტრედიას'' 21 წლის მცველმა ისარგებლა.
მე-60 წუთზე ''სამტრედიას'' მცველმა გიორგი გურულმა ძალიან ცუდად ითამაშა, ოთარ კობახიძემ ჩვეულ სტილში, გარე ტერფით შეასრულა გადაცემა, გურულმა კი საკუთარ კარში შეაგდო. 79-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა მოჭრილი დარტყმით ახლო მანძილიდან გაიტანა, ''ლოკომოტივი'' დაწინაურდა - 2:1.
90-ე წუთზე გიორგი გაბაძემ საკუთარ საჯარიმოში ოთარ მამასახლისი წააქცია. პენალტი მამასახლისმა ზუსტად დაარტყა და სამტრედიელთა მაისურით სადებიუტო შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა.
დამატებულ მეორე წუთზე დავითაშვილის უძლიერესი დარტყმა სერგეი პოგორილმა მოიგერია, თუმცა დასწრებაზე გავაშელიშვილმა ყველას აჯობა და ''ლოკოს'' 3 ქულა მოუტანა.
მამია გავაშელიშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი
''ლოკომოტივის'' მთავარი მწვრთნელის, ლაშა ჭაღიაშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი
ეროვნული ლიგის ლიდერმა ''საბურთალომ'' 3:0 დაამარცხა ბოლნისის ''სიონი'', რომლის ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, თემურ შალამბერიძისთვის სადებიუტო შეხვედრა წარუმატებელი გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ''სიონში'' მუშაობის დაწყებამდე შალამბერიძე ''საბურთალოს'' აკადემიას ხელმძღვანელობდა.
29-ე წუთზე ''სიონის'' დებიუტანტი, მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი შეცდა. ჩაბრაძის ჩაწოდების შემდეგ ჩოჩიშვილმა გამოსვლაზე არაზუსტად ითამაშა, ვითარებით დიასამიძემ ისარგებლა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ახალგაზრდა მეკარემ მეორე გოლის ეპიზოდშიც ძალიან ცუდად ითამაშა, მან კარი უმეთვალყურეოდ დატოვა და დიმიტრი ტატანაშვილმა ანგარიში ორამდე გაზარდა.
მესამე გოლისას ''სიონის'' მცველს მარგველაშვილმა აჯობა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დიასამიძის მსგავსად მარგველაშვილმაც თავით შეაგდო.
გიორგი ჩოჩიშვილმა გამოსვლაზე თამაშისას შეცდომა გასულ სეზონში სლოვაკურ ''ზლატე მორავცეში'' ასპარეზობის დროსაც დაუშვა.
შეგახსენებთ, ჩოჩიშვილი პრაღის ''სლავიას'' საკუთრებაა და ბოლნისის ''სიონშია'' განათხოვრებული.
ფოტო/ვიდეო: ''ლოკომოტივის'' პრესსამსახური. ''საბურთალოს'' პრესსამსახური, ''სამტრედიას'' პრესსამსახური