პირველი მატჩი კიტეიშვილის ტრანსფერის შემდეგ - ''დინამომ'' ''რუსთავი'' დაამარცხა
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მესამე წრის პირველ შეხვედრაში თბილისის ''დინამომ'' შინ 2:1 დაამარცხა ''რუსთავი.'' ამ გამარჯვებით ''დინამო'' 41 ქულით მეორე ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ ''საბურთალოს,'' რომელიც 4 აგვისტოს ''სიონს'' შეხვდება.
გუნდის ლიდერისა და კაპიტნის, ოთარ კიტეიშვილის გრაცის ''შტურმში'' გადასვლის შემდეგ კახა კაჭარავას გუნდმა პირველი მატჩი ჩაატარა.
მე-18 წუთზე ვაწაძე-კობოური-შულაიას კომბინაცია გოლით დასრულდა. 21 წლის შულაია ''რუსთავის'' საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დატოვეს და მან მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მეხუთედ გაიტანა.
34-ე წუთზე ''დინამოს'' სწრაფი კონტრშეტევა ბუდუ ზივზივაძემ განავითარა, მისი გადაცემის შემდეგ კი 19 წლის ნიკა ნინუამ სეფიაშვილის კარის მიმართულებით ზუსტად დაარტყა, ანგარიში ორამდე გაიზარდა.
ერთადერთი საპასუხო გოლი ელგუჯა ლობჯანიძის ანგარიშზეა, რომელიც 90-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა და ''რუსთავის'' მაისურით სადებიუტო მატჩში გოლის გატანა მოახერხა.
თბილისის დინამო - რუსთავი 2:1 (2:0)
თბილისი, ''დინამო არენა''
გოლები: 1:0 შულაია (18), 2:0 ნინუა (34), 2:1 ლობჯანიძე (90)
ეროვნული ლიგის მე-19 ტურის კალენდარი
ფოტო: eliga.ge, fcdinamo.ge