''გვსურს შევძლოთ შეუძლებელი'' - ''ტალანტებს მთელ მსოფლიოში ვეძებთ''
Aa
Aa

''გვსურს შევძლოთ შეუძლებელი'' - ''ტალანტებს მთელ მსოფლიოში ვეძებთ''

საფეხბურთო კლუბმა მადრიდის ''რეალმა'' 18 წლის ბრაზილიელი ტალანტი ვინისიუსი წარადგინა. ''ფლამენგოდან'' 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ ესპანურ გრანდში გადასული ფეხბურთელის წარდგენისას პერესმა ''რეალის'' სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით ''რეალის'' მიზანი ყველა ტურნირზე გამარჯვების მოპოვებაა.

პერესის სიტყვებს marca ავრცელებს.

''ყოველ სეზონში ვიცით რომ ყველა ტურნირის მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ. ეს არის ის, რასაც ''რეალის'' ისტორია ჩვენგან მოითხოვს'' - აღნიშნა ''სამეფო კლუბის'' პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ვინისიუსის წარდგენისას.

''გასული წლები შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ქომაგებს  ყოველთვის უფრო მეტი სურდათ. მათთვის ვიბრძოლებთ, საუკეთესო ტალანტების ძებნას გავაგრძელებთ მთელს მსოფლიოში.

ჩვენს სტადიონზე 13 ევროპული თასია ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მოპოვებული.

გვესმის რომ რთული გამოწვევების წინაშე ვართ, მაგრამ დავიპყრობთ ყველაფერს, რისი შესრულებაც შეუძლებელი ჩანს.

''რეალი'' ეძებს საუკეთესო ტალანტებს, რომლებსაც შეუძლიათ მოკლე პერიოდში ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავები გახდნენ.

შემადგენლობის გაძლიერებას კვლავ ვაპირებთ დიდებული ფეხბურთელებით. ოდრიოზოლა და ვინისიუსი ჩვენს კლუბს უფრო ძლიერს გახდიან.

 კარგა ხანი ველოდით ვინისიუსს, რომელმაც დრიბლინგითა და თამაშის სტილით მოგვხიბლა'' - განაცხადა პერესმა.

''რეალმა'' 18 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ვინისიუსი წარადგინა. სამხრეთამერიკელი ვუნდერკინდი ''ფლამენგოს'' აღზრდილია. 2017 წლიდან ''ფლამენგოს'' ძირითად გუნდში თამაშობდა და 70 შეხვედრაში 14 გოლი შეაგდო.

''ვიცი რომ ადაპტაცია ადვილი არ იქნება, მაგრამ მე მზად ვარ. მადლობა ფლორენტინო პერესს, ხოსე ანხელ სანჩესსა და ხუნი კალაფატს.

მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებმაც ჩემთვის და ჩემი ოცნების ასრულებისთვის ბევრი რამ გააკეთეს. მათ იმედებს არ გავუცრუებ.

საბედნიეროდ მქონდა შესაძლებლობა არჩევანი უძლიერეს კლუბებს შორის გამეკეთებინა. მე ავირჩიე საუკეთესო.

ვრჩები მადრიდში, პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ. მწვრთნელების გადასაწყვეტია პირველად როდის ვითამაშებ ''კასტილიაში'' (''რეალის'' სარეზერვო გუნდი).

''რეალში'' თამაში ფეხბურთელისთვის უდიდესი შანსია. ვაპირებ დავამტკიცო, რომ ამ შანსს ვიმსახურებდი.

მწვრთნელებსა და კოლეგებს ვაჩვენებ, რომ ''რეალში'' თამაშისთვის მზად ვარ'' - განაცხადა ბრაზილიელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები