NBA: „შარლოტი“ ფორმაშია
Aa
Aa

NBA: „შარლოტი“ ფორმაშია

შესანიშნავი ფორმა აკრიფა "შარლოტმა", რომელმაც გუშინ, საკუთარ მოედანზე "მაიამი" დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გადავიდა.

მასპინძლებმა პირველ მეოთხედში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და შემდეგ თანდათან ზრდიდნენ სხვაობას, რომელმაც ერთხელ 30 ქულას მიაღწია."შარლოტის" რიგებში 10 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი დააგროვა ნიკოლა ბატუმმა. ფრანგს სამმაგი დუბლის შესასრულებლად მხოლოდ 28 წუთი დასჭირდა. ეს ტრიპლ-დაბლი მეხუთეა ბატუმის კარიერაში.

"ჰოუსტონმა" გასვლაზე გამარჯვებას მიაღწია "ვაშინგტონთან". სტუმრები მეორე მეოთხედის სტარტზე 15 ქულას იგებდნენ, მაგრამ თანდათან ხელიდან გაუშვეს თამაშის სადავეები და მეტოქეს ექვსი ქულით წინ გასვლის საშუალება მისცეს. და მაინც, ჯეიმს ჰარდენის მონდომებითა და ბრწყინვალე თამაშით, "როკეტსმა" მატჩის ბოლო ნაწილი უკეთ ჩაატარა და 109:103 მოიგო. ჰარდენმა მიმდინარე სეზონში მეექვსედ დააგროვა 40 ან მეტი ქულა. ამ მაჩვენებლით ჰიუსტონელზე წინ მხოლოდ სტივენ კარია, რომელმაც შვიდი "40-ქულიანი" მატჩი ჩაატარა.

არასტაბილურია "ჩიკაგო". ამ გუნდის რიგებში გუშინ გაიბრწყინა ჯიმი ბატლერმა, რომელმაც 36 ქულით შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა, თუმცა "ხარებს" ამან ვერ უშველა "ბოსტონის" წინააღმდეგ - 100:105. ისევ სუსტად გამოიყურება "ბულზის" ლიდერი დერიკ როუზი. მან მხოლოდ 12 ქულა დააგროვა და რაც მთავარია, ზედიზედ 25 მატჩია ვერ ახერხებს ტყორცნების გამოყენების 50-პროცენტიან ზღვრამდე მისვლას. სხვათა შორის, როუზს ერთი მატჩით ჩამორჩება "ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი.

გუშინდელი მატჩებიდან უნდა გამოვყოთ "სან ანტონიოს" წაგება სტუმრად "ტორონტოსთან". კანადელებმა თავიდანვე მოახერხეს წინ გასვლა და მეტოქეს 10 ქულაზე ახლოს არ უშვებდნენ. "სპურსმა" მაინც შეძლო სიტუაციის დაძაბვა ბოლო წამებზე, მაგრამ "ტორონტომ" გაძლო - 97:94.

"შარლოტ ჰორნეტსის" ცენტრი ელ ჯეფერსონი რეგულარული ჩემპიონატის ხუთი მატჩით არის დისკვალიფიცირებული ანტინარკოტიკული პროგრამის წესების დარღვევისთვის. ოფიციალურად ცნობილი არ არის - რომელი ნარკოტიკი მიიღო 30 წლის კალათბურთელმა, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, ლაპარკია მარიხუანაზე.

სასჯელი მხოლოდ მაშინ შევა ძალაში, როცა ჯეფერსონი მწყობრში ჩადგება და მზად იქნება სათამაშოდ. ამ მომენტისთვის ცენტრი ტრავმირებულია და დაახლოებით ორ-სამ კვირას გამოტოვებს. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, ის 2015 წელს მოედანზე ვეღარ ვიხილოთ.

"შარლოტმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო საკუთარი კალათბურთელის მოქმედება. მოგვიანებით, ჯეფერსონმა ოფიციალურად მოუხადა ბოდიში კლუბს, მის მფლობელს მაიკლ ჯორდანს, თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს. მიმდინარე სეზონში, ვეტერანმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 13.7 ქულა და 6.4 მოხსნა დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები