Aa
Aa

არის 11! ნადალმა რეკორდი გაიმეორა - ესპანელმა როლან გაროსი მოიგო!

"როლან გაროსის" მამაკაცთა თანრიგის 2018 წლის გამარჯვებული რაფაელ ნადალი გახდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა ფინალში ავსტრიელი, დომინიკ ტიემი სამ სეტში, 6:4; 6:3; 6:2 დაამარცხა. 24 წლის ავსტრიელი დიდი სლემის ტურნირების ფინალში პირველად თამაშობდა.

შეხვფედრა 2 საათსა და 44 წუთს გაგრძელდა. ნადალს ეისი არ ჰქონია, ორმაგი შეცდომა კი 3-ჯერ დაუშვა. "მატადორმა" 26 ვინერი შეასრულა, რაც მეტოქის მაჩვენებელზე 12-ით ნაკლები იყო. სამაგიეროდ, რაფას 24 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ტიმს კი - 42.

ნადალმა უშუალოდ "როლან გაროსი" მე-11-ედ მოიგო, რითაც ავსტრალიელ ჩოგბურთელს, მარგარეტ კორტს გაუთანაბრდა, რომელსაც დიდი სლემის კიდევ ერთი ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა ასევე 11-ჯერ აქვს მოგებული. ამიერიდან, ნადალი და კორტი ღია ერის რეკორდის თანამფლობელები არიან.

ლეგენდარულმა ესპანელმა კარიერაში დიდი სლემის მე-17 ტურნირი მოიგო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება, რომელსაც 20 ტიტული აქვს.

32 წლის ნადალმა "როლან გაროსზე" სარეიტინგო ქულები დაიცვა, რითაც მსოფლიო რეიტინგის პირველი ადგილი შეინარჩუნა.

ასევე საინტერესოა, რომ მოქმედ ჩოგბურთელთაგან, 1 კონკრეტული ტიტული 11-ჯერ მხოლოდ ნადალს აქვს მოგებული, თანაც ეს 3 სხვადასხვა ტურნირს ეხება - "როლან გაროსს", მონტე კარლოს მასტერსსა და ბარსელონას ტურნირს. მეორე ადგილზე როჯერ ფედერერია, რომელმაც ჰალეში საჩემპიონო თასი 9-ჯერ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები