''ეს გამარჯვება ჰოლანდიის თასის ფინალის მოგების ტოლფასია'' - კაშიას MLS-ში იწვევენ
Aa
Aa

''ეს გამარჯვება ჰოლანდიის თასის ფინალის მოგების ტოლფასია'' - კაშიას MLS-ში იწვევენ

ჰოლანდიის ერედივიზიონის რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ ევროპა ლიგის საგზურისთვის გამართული გადათამაშება არნემის ''ვიტესის'' გამარჯვებით დასრულდა. ფლეი-ოფის ფინალში არნემის ''ვიტესმა'' საკუთარ მოედანზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ''უტრეხტი'' გასვლით შეხვედრაშიც დაამარცხა. პირველი მატჩი ''ვიტესმა'' 3:2 მოიგო, სტუმრად კი  2:1 გაიმარჯვა.

არნემელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ ორივე შეხვედრა 90 წუთი ჩაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა პირველ შეხვედრაში მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლი გაიტანა.

კაშიას გამარჯვების გოლი 91-ე წუთზე! ''ვიტესმა'' ''უტრეხტი'' დაამარცხა

საპასუხო შეხვედრის დასრულების შემდეგ კაშია ჰოლანდიურ მედიას ესაუბრა: ''უტრეხტთან'' დაპირისპირება ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც 2017 წლის ჰოლანდიის თასის ფინალი, რადგან ორივე გამარჯვებამ ევროპა ლიგის საგზური მოგვიტანა.

 

ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვფიქრობ წასვლაზე, თუმცა შესაძლოა დაინტერესებულ კლუბთან მოლაპარაკება გაიმართოს. როდესაც გუნდი ევროსაგზურს მოიპოვებს, თითოეული ფეხბურთელისთვის საერთაშორისო არენაზე თამაშის დიდი სურვილი ჩნდება. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი წავალ თუ დავრჩები. ვნახოთ რა მოხდება.''

შეგახსენებთ, ჰოლანდიის თასის 2016-17 წლების სეზონი არნემის ''ვიტესის'' გამარჯვებით დასრულდა. არნემულმა გუნდმა ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა და ქართველმა კაპიტანმა ჰოლანდიის თასი აღმართა.

Vitesse.org-ის ცნობით ''ვიტესი'' ზაფხულში დაცვის ხაზის გაძლიერებაზე იზრუნებს და შესაძლოა საკადრო ცვლილებებს კაშიას ტრანსფერი მოჰყვეს. აღნიშნული წყაროს ცნობით კაშიას გადაბირებით MLS-ის ერთ-ერთი კლუბია დაინტერესებული. 30 წლის ფეხბურთელს, რომელიც 2010 წლიდან ''ვიტესის'' მოთამაშეა, კლუბთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

გურამ კაშია „ვიტესის“ რიგებში 2010 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. არნემულმა კლუბმა 2016-17 წლების სეზონში 125-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ტიტული მოიგო და ჰოლანდიის თასი მისმა ქართველმა კაპიტანმა აღმართა.

მიმდინარე სეზონში გურამ კაშიამ თეო იანსენის 242-მატჩიანი რეკორდი დაამხო. კაშია ''ვიტესის'' ისტორიაში ჰოლანდიის ელიტარულ ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების მიხედვით რეკორდსმენია. რეკორდი ქართველმა კაპიტანმა მიმდინარე წლის 18 აპრილს ''ალკმაართან'' შეხვედრაში დაამყარა, როცა არნემული გუნდისთვის ჰოლანდიის ჩემპიონატში 243-ე შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები