Aa
Aa

სატრანსფერო ჭორები

***

ბრიტანული The Times-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტურინის „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ მცველებით, ალექს სანდროთი და სამუელ უმტიტით ინტერესდება.

ფრანგი უკანახაზელის შეძენა ძალიან რთული იქნება, რადგან იგი კატალონიაში ბედნიერია და „ბარსას“ დაცვის შეუცვლელ ფიგურად იქცა. ესპანური პრესა წერს, რომ „ბლაუგრანა“ და უმტიტი ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის გაფორმებას გეგმავენ.

რაც შეეხება ალექს სანდროს, მისი „იუვენტუსიდან“ წასვლა გასულ ზაფხულსაც განიხილებოდა, თუმცა მაშინ ბრაზილიელს „ჩელსის“ უკავშირებდნენ.

„მანკუნიანელები“ ტურინელებთან ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს პერიოდში აპირებენ. როგორც ცნობილია, „ოლდ ტრაფორდიდან“ აბარგება ლუკ შოუსა და დელი ბლინდს მოუწევთ.

თავის მხრივ, ალექს სანდროს „ბებერ ქალბატონთან“ ამჟამინდელი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულში უსრულდება.

***

ესპანური Sport-ის ინფორმაციით, იკერ კასილიასი სეზონის ბოლოს, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს და „ლივერპულის“ მაისური მოირგოს.

ვეტერან პირენეელს „პორტუსთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თუ გავითვალისწინებთ, რომ იკერს „დრაკონების“ თავკაც სერჟიო კონსეისაოსთან არცთუ კარგი დამოკიდებულება აქვს, დიდი შანსია, ხელშეკრულების გახანგრძლივება არ ისურვოს.

„ლივერპულის“ გარდა, კასილიასს წინადადებები ამერიკიდან და ჩინეთიდანაც აქვს, თუმცა როგორც პრესა ვარაუდობს, იგი ევროპაში დარჩენას ამჯობინებს.

36 წლის ესპანელი ლეგენდა „პორტუს“ რიგებში 2015 წლიდან თამაშობს.

***

გერმანული Bild-ის ცნობით, „ფენერბაჰჩეს“ 18 წლის ტალანტის ელიფ ელმასის გადაბირებაზე რამდენიმე ევროპული კლუბი ფიქრობს, რომელთა შორისაც „დორტმუნდის ბორუსია“, „მანჩესტერ სიტი“, „ფეიენოორდი“ და „პსვ ეინდჰოვენი“ არიან.

ელმასს მაკედონიის ყველა ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ეროვნულ გუნდში დებიუტი კი 17 წლის ასაკში ესპანეთის ნაკრებთან მატჩისას შედგა. იგი მოედანზე შესვენების შემდეგ, 46-ე წუთზე შეიყვანეს.

ელიფ ელმასი, რომელიც ამპლუით შემტევი ნახევარმცველია, „ფენერის“ რიგებში გასულ წელს მშობლიური „რაბოტნიჩკიდან“ გადავიდა და სტამბულურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

***

მადრიდული Marca-ს თქმით, მიუნხენის „ბაიერნს“ ხამეს როდრიგესის კონტრაქტის სრულად გამოსყიდვა სურს.

კოლუმბიელი სუპერვარსკვლავი „რეკორდმაისტერის“ რიგებში იჯარის წესით თამაშობს, რომელსაც ვადა 2019 წლის ზაფხულში გასდის. გერმანელებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ, რისთვისაც 45 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

როგორც გამოცემა ამბობს, „ბაიერნმა“ ამ თანხის გაღება გადაწყვიტა და ამის შესახებ „რეალს“ ოფიციალურად სულ მალე აცნობებს.

ხამეს როდრიგესი „ალიანც არენაზე“ აგვისტოდან ბურთაობს და ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 5 გოლი აქვს გატანილი.

***

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავკაც დიეგო სიმეონეს განცხადებით, პაულო დიბალას მისი გუნდის რიგებში გადასვლა არ განიხილება.

სიმეონე და დიბალა გასულ კვირას მადრიდის ერთ-ერთ იაპონურ რესტორანში დააფიქსირეს. ამაზე სიმეონემ თქვა, რომ იგი დიბალას შემთხვევით შეხვდა და ფეხბურთელი რესტორანში თავის 2 მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

რამდენიმე ესპანურმა გამოცემამ დაწერა, თითქოს „ატლეტიკოსა“ და დიბალას 5 წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვთ, თუმცა ეს ინფორმაცია რამდენად სანდოა, რთული სათქმელია.

შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანის „ვანდა მეტროპოლიტანოდან“ წასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია და როგორც ჩანს, „როხიბლანკო“ მის შემცვლელს აქედანვე ეძებს.

***

ბრიტანული Daily Express-ის ცნობით, მოჰამედ სალაჰის ტრანსფერზე „ლივერპულთან“ მოლაპარაკებების დაწყებას „ბარსელონა“ და „რეალი“ გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ სალაჰს „რეალთან“ უფრო აქტიურად აკავშირებენ. ზაფხულში „ბლანკოსში“ სერიოზული ცვლილებები იგეგმება და გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ „ლივერის“ ეგვიპტელი ვარსკვლავია.

მოჰამედ სალაჰი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და „წითლების“ ფორმით უკვე 37 გოლი აქვს გატანილი.

სალაჰმა უშუალოდ პრემიერ ლიგაში 29 შედეგიანი დარტყმა ჩაიწერა, რითაც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია და უახლოეს მდევარ ჰარი კეინს 5 გოლით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები