ზვერევი მაიამის მასტერსის ფინალში ისნერს შეხვდება
Aa
Aa

ზვერევი მაიამის მასტერსის ფინალში ისნერს შეხვდება

20 წლის გერმანელი ჩოგბურთელი ალექსანდრ ზვერევი, მაიამის ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ადგილობრივი ჯონ ისნერის წინააღმდეგ ითამაშებს.

ზვერევმა 1/2 ფინალური დაპირისპირება ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას, 1 საათსა და 28 წუთში, 7:6, 6:2 მოუგო.

გერმანელი დამაჯერებლად აწვდიდა და მეტოქისათვის 1 ბრეიკ-პოინტიც არ მიუცია, რაც იმის დამსახურებაც გახლდათ, რომ ალექსანდრს პირველი მოწოდება წაუვიდა და 58 შესაძლებლობიდან 40-ჯერ ბურთი ზუსტად ჩააწოდა - 69%.

ზვერევის ანგარიშზე 30 ვინერსი და 21 უნებლიე შეცდომა იყო, რასაც 10 ეისი და 2 ორმაგი შეცდომაც დაემატა.

ალექსანდრ ზვერევი სატიტულო შეხვედრაში ჯონ ისნერს შეხვდება, რომელსაც მასტერსის სერიის ტურნირთა წინა 3 ფინალი წაგებული აქვს. ფინალური მატჩი კვირას, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ზვერევი, ნოვაკ ჯოკოვიჩის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია, რომელმაც მასტერსის სერიის ტურნირი მოიგო. მან გასულ სეზონში ჯერ რომის კორტებზე იმარჯვა, ხოლო მოგვიანებით წარმატებას მონრეალშიც მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები