Aa
Aa

3 მოგერიებული მატჩ-პოინტი და დელ პოტრო "ინდიან უელსის" ჩემპიონია!..

"ინდიან უელსის" მასტერსის მამაკაცთა ფინალი, დაძაბული, დრამატული და სანახაობრივი გამოდგა, რომელშიც როჯერ ფედერერის მეტოქე, ხუან მარტინ დელ პოტრო გახლდათ.

არგენტინელმა პირველი პარტია 1 ბრეიკით 6:4 მოიგო, რასაც მეორე სეტში სუპერდაძაბული ტაიბრეიკი და ფედერერის გამარჯვება მოჰყვა, რითაც სეტებში ანგარიში გათანაბრდა.

მე-3 სეტის მე-9 გეიმამდე ჩოგბურთელებს ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონიათ, ხოლო ამ გეიმში დელ პოტრომ საკუთარი მოწოდება დათმო და ფედერერს მატჩზე ჩაწოდების უფლება მიეცა.

როჯერი 40:15-ზე დაწინაურდა და ორმაგი მატჩ-პოინტი მიიღო, არგენტინელმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა შვეიცარიელს კიდევ ერთი შანსი მიეცა, რომელიც ვერ გამოიყენა და გეიმი წააგო.

საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც დელ პოტროს უპირატესობა აშკარა იყო და მან შემოკლებული გეიმი 7:2-ზე დახურა.

აღსანიშნავია, რომ დელ პოტრომ კარიერაში მასტერსის სერიის პირველი ტიტული მოიგო - მას აქამდე მასტერსის 3 ფინალი ჰქონდა წაგებული.

მიუხედავად წაგებისა, ფედერერმა მსოფლიო რეიტინგში პირველობა შეინარჩუნა, ხოლო დელ პოტრომ ATP-ს კლადიფიკაციაში 2 პოზიცია მოიგო და მე-6 ადგილამდე აინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები