Aa
Aa

მატჩის წინ - რეალი VS მანჩესტერი

დღეს, მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, "უეფას" 2017 წლის სუპერ თასი "ჩემპიონთა ლიგის" გამარჯვებულ "რეალსა" და "ევროპა ლიგის" ტრიუმფატორ "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გათამაშდება.

ესპანური გრანდი "უეფას" სუპერ თასის შეხვედრას მეექვსედ თამაშობს (3 მოგება, 2 წაგება), ხოლო ინგლისელებისთვის ეს სუპერ თასის მეოთხე მატჩია (1 მოგება, 2 წაგება). 

"რეალს" აქვს შანსი, რომ "მილანის" 1989-1990 წლების მიღწევა გაიმეოროს და "უეფას" სუპერ თასი ზედიზედ ორჯერ მოიგოს.

ინგლისურ კლუბს აღნიშნული ტიტული 2005 წლის შემდეგ არ მოუგია - მაშინ ამის გაკეთება "ლივერპულმა" შეძლო.

100%-ით მზად არაა კრიშტიანუ რონალდუ, თუმცა ზინედინ ზიდანის განცხადებით, პორტუგალიელი თამაშში მონაწილეობას მიიღებს. "სამეფო კლუბს" სხვა მხრივ საკადრო პრობლემები არ აქვს.

შედარებით დიდია "წითელ ეშმაკთა" დანაკლისი, რომლებიც ბაილის, ჯოუნსის, როხოს, შოუსა და იანგის გარეშე ითამაშებენ.

მწვრთნელების კომენტარები

ზინედინ ზიდანი: "ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქ მხოლოდ მოსაგებად ვართ და სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა. 

"რეალში" დიდი ხნის მანძილზე ვთამაშობდი, თუმცა მის წინააღმდეგაც მითამაშია და ვიცი როგორ უნდა ყველას მისი დამარცხება. ეს "რეალია", რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ყველას უნდა, რომ მას აჯობოს.

ასეთი გუნდისთვის ნებისმიერი ახალი სეზონი რთულია, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებული მენტალიტეტი გვაქვს და გამარჯვებებით არასდროს დავიღლებით. 

საკუთარი თამაში უნდა ვაჩვენოთ, შესაცვლელი არაფერია და რაც ყველაზე მთავარია, სრული კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ.

ჩვენ ტიტულის მოგება გვსურს და ამას შრომითა და თავმდაბლობით უნდა მივაღწიოთ".

ჟოზე მოურინიო: "მოხარული ვარ, რომ სუპერ თასის შეხვედრას ვთამაშობთ, თანაც ევროპის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. მართლაც დიდი პატივია, როცა "ჩემპიონთა ლიგის" გამარჯვებულთან და ამასთანავე ყველაზე ტიტულოვან გუნდთან თამაში გიწევს. 

ჩვენ თავისუფლად უნდა ვითამაშოთ და სიამოვნება მივიღოთ. ესაა მომენტი, რომლითაც უნდა დავტკბეთ, რადგან "უეფას" სუპერ თასზე თამაშის შანსი ხშირად არ მოგეცემა.

"რეალის" რამდენიმე ფეხბურთელთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს და ტელეფონით ხშირად ვკონტაქტობთ, თუმცა სხვებთან არანაირი ურთიერთობა არ მაკავშირებს. ეს ბუნებრივია, იგივე დამოკიდებულება "პორტოს", "ინტერისა" და "ჩელსის" ფეხბურთელებთანაც მაქვს. ასე რომ, ხვალ ვინც შემხვდება, ყველას მივესალმები". 

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი: ნავასი - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო - კაზემირო - მოდრიჩი, კროოსი - ისკო, ბეილი - ბენზემა.

მანჩესტერი: დე ხეა - ვალენსია, ლინდელიოფი, სმოლინგი, ბლინდი - ერერა, მატიჩი - პოგბა - მხითარიანი, რაშფორდი - ლუკაკუ.

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას იტალიელი ჯანლუკა როკი იმსაჯებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები