Aa
Aa

Laver Cup - ახალი მასშტაბური საჩოგბურთო გათამაშება

22-24 სექტემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ახალი საჩოგბურთო გათამაშება - laver cup ჩატარდება, რომლის პრეზენტაციაც გუშინ შედგა.

ღონისძიებას როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, ჯონ მაკინროი, ბიორნ ბორგი და, რა თქმა უნდა, როდ ლეივერი ესწრებოდნენ. როგორც მიხვდით, ტურნირი სწორედ ლეგენდარული ავსტრალიელის სახელს ატარებს.

გათამაშებაში ევროპის ნაკრები მსოფლიო ნაკრებს დაუპირისპირდება - ევროპელთა გუნდის კაპიტანი ბიორნ ბორგი იქნება, ხოლო მსოფლიო ნაკრებს ჯონ მაკინროი უხელმძღვანელებს.

გუნდებში 6-6 მოთამაშე იქნება, რომელთაგანც 4-4 "უიმბლდონის" დასრულების შემდეგ კვირას დაკავებული რეიტინგის მიხედვით გამოვლინდება, ხოლო 2-2 ჩოგბურთელს კაპიტანი აარჩევს.

მაგალითად, ამ მომენტისთვის ევროპისა და მსოფლიო ნაკრების შემადგენლობა რეიტინგის მიხედვით ასეთი უნდა იყოს - ენდი მარეი, რაფაელ ნადალი, სტენ ვავრინკა და ნოვაკ ჯოკოვიჩი ევროპას წარმოადგენენ, ხოლო მსოფლიო ნაკრებში მილოშ რაონიჩი, კეი ნიშიკორი, ჯეკ სოკი და ნიკ კირიოსი განიხილებიან.

თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ წესის გათვალისწინებით, შემადგენლობები "უიმბლდონის" დასრულების შემდეგ კვირას დაკავებული სარეიტინგო პოზიციებით განისაზღვრება.

თამაში 3 სეტიანი ფორმატით ჩატარდება, რომლის მესამე პარტიაც 10 ქულამდე ტაიბრეიკი (ე.წ. "სუპერტაიბრეიკი) იქნება.

აღსანიშნავია, რომ პირველ დღეს (ანუ პარასკევს) მოგება გუნდს 1 ქულას მოუტანს, მეორე დღეს - 2-ს, ხოლო მესამე დღეს გამარჯვება 3 ქულის მომტანი იქნება.

ტურნირი ყოველწლიურ სახეს მიიღებს და ყოველ მომდევნო წელს სხვადასხვა ადგილას ჩატარდება - იგი მხოლოდ ჰარდის საფარსა და დახურული დარბაზის პირობებში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები