რაფა ნადალმა
Aa
Aa

რაფა ნადალმა "როლან გაროსი" მეათედ დაისაკუთრა!

საფრანგეთის ღია პირველობის 2017 წლის გათამაშების გამარჯვებული რაფაელ ნადალია, რომელმაც ფინალში სტენ ვავრინკა საკმაოდ მარტივად დაამარცხა.

რაფამ წლევანდელი "როლან გაროსი" სეტის წაუგებლად მოიგო და რაც ასევე საინტერესოა, არცერთ მეტოქესთან ჯამში 8-ზე მეტი გეიმი არ წაუგია.

ფინალურ შეხვედრაში ბრძოლა პრაქტიკულად არ ყოფილა. თამაში თავიდანვე ნადალის უპირატესობით დაიწყო, რასაც ვავრინკას შეცდომებიც ემატებოდა და საერთო ჯამში შვეიცარიელს არანაირი შანსი არ ჰქონია - მან თავისი თამაშის ჩვენება ვერ შეძლო.

ნადალმა პირველი სეტი ორი ბრეიკით 6:2 მოიგო, მეორე პარტიაში 6:3 იმარჯვა, ხოლო მესამეში ვავრინკამ საერთოდ კაპიტულაცია გამოაცხადა - 6:1.

31 წლის ესპანელმა "როლან გაროსი" კარიერაში მეათედ მოიგო, რითაც ის აბსოლუტური რეკორდსმენია. 

ასევე აღსანიშნავია, რომ რაფამ მე-15 "დიდი სლემის" ტურნირი მოიგო და პიტ სამპრასს გადაასწრო (14). წინ 18 მოგებული ტიტულით როჯერ ფედერერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები