Aa
Aa

"მილანი" მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებით ინტერესდება..

"Corriere dello Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" ინტერესთა სფეროში მადრიდის "რეალის" 2 ფეხბურთელი, მატეო კოვაჩიჩი და ისკო ალკორკონი მოხვდა.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, "სამეფო კლუბის" მოთამაშეები "როსონერის" სატრანსფერო სიაში პირველ ადგილზე იმყოფებიან და მილანური კლუბი, მათ დამატებას იანვარშივე ეცდება.

კოვაჩიჩი "რეალმა" 2015 წელს მილანის "ინტერიდან" 31 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა, თუმცა ხორვატმა ნახევარმცველმა ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო. ფეხბურთელს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

რაც შეეხება ისკოს, ესპანელს საკმაოდ დიდი ხანია რაც კლუბის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ. მისი შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი, თუმცა თავად ფეხბურთელს, "სამეფო კლუბთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ისკომ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 2 გოლისა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

როგორც მოცემული სიტუაცია გვიჩვენებს, კოვაჩიჩისა და ისკოს დამატება "მილანს" საკმაოდ გაუჭირდება, თუმცა კლუბის სათავეში ჩინელი მილიარდერების მოსვლის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანსფერების განხორციელება კიდევ უფრო რეალური გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები