ლონდონის მეტრომ გარეტ საუთგეიტი დააფასა
ინგლისის ნაკრების წარმატებულმა სვლამ „ნისლიან ალბიონზე“ მომავლის რწმენა დააბრუნა. გარეტ საუთგეიტმა ბევრი მილოცვა მიიღო, თუმცა მათ შორის განსაკუთრებული ლონდონის მეტროს გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რომელმაც თავის ერთ-ერთ სადგურს სახელი დროებით „სამი ლომის“ თავკაცის საპატივცემულოდ შეუცვალა.
ლონდონის მეტროს ოფიციალური განცხადებით ორშაბათიდან „საუთგეიტის“ სადგური, მომდევნო 48 საათის განმავლობაში, გარეტ საუთგეიტის სახელობის გახდება.
„ლონდონის ტრანსპორტმა" (ოფიციალური გვერდი) „ტვიტერზე“ ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: „შემდეგი სადგური - გარეტ საუთგეიტი! მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების წარმატებული თამაშის აღსანიშნავად „საუთგეიტის“ სადგურს დროებით გარეტ საუთგეიტი დაერქმევა“.
Next stop - Gareth Southgate! To celebrate the achievements of the @england men's football team this summer, TfL & @VisaUK have temporarily renamed Southgate station on the @piccadillyline. Why not come down and post a #SouthgateSelfie pic.twitter.com/n8tR70qitd
— Transport for London ???? (@TfL) July 16, 2018
„ლონდონის ტრანსპორტის“ წარმომადგენელმა, მარკ უაილდმა აღნიშნა: „მუნდიალზე ინგლისის ნაკრების წარმატებამ სხვადასხვა ასაკის და განსხვავებული ხედვების მქონე ადამიანები გააერთიანა. მოხარულები ვართ, რომ „სამი ლომის“ მთავარი მწვრთნელის მიერ გაწეული სამუშაოს დაფასების საშუალება მოგვეცა“.
საინტერესოა, რომ კომპანიამ გადაწყვეტილება მგზავრების „რებრენდინგის“ არაერთი მცდელობის შედეგად მიიღო. ქომაგები „საუთგეიტის“ წარწერის ზევით გარეტს წერდნენ და სადგურის სახელის ხელოვნურად შეცვლას ცდილობდნენ.