მუნდიალი 2018: ესპანეთი - სრული ანალიზი - გამოცდილი მკვლელები
Aa
Aa

მუნდიალი 2018: ესპანეთი - სრული ანალიზი - გამოცდილი მკვლელები

2010 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი ესპანეთის ნაკრები რუსეთში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით მიემგზავრება.

მართალია ესპანელებს აღარ ჰყავთ კასილასი, ჩავი, ჩაბი ალონსო, დავიდ ვილა, კარლეს პუიოლი, ფერნანდო ტორესი და სხვები, მაგრამ „ფურია როხას“ ჰყავს თაობა, რომელსაც თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს.

ახალგაზრდებთან ერთად გუნდში მრავლად არიან ლეგენდებიც, რომლებთან შერწყმის შედეგადაც ვიღებთ მუნდიალის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს.

საკვალიფიკაციო ეტაპი

თამაშობდე ესპანეთის ნაკრებში, ეს უკვე ნიშნავს, რომ შენ გაქვს გამოცდილება, კლასი, მკვლელის ინსტიქტი, უზადო ტექნიკა და მოედნის ხედვა.

„ფურია როხას“ განაცხადში ვერ მოხვდება ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით გამოირჩევა. ხულენ ლოპეტეგის ძალიან მრავალფეროვანი ნაკრები ჰყავს, რომელიც მრავალმხრივ ნიჭიერი ფეხბურთელებისგან შედგება.

ლოპეტეგის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებლად ჩაატარა და ჯგუფში პირველი პოზიციის დაკავება არ გასჭირვებია.

ესპანეთმა ჯგუფში 10 მატჩიდან 9 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, ისიც იტალიაში სტუმრად.

„ლა როხამ“ 36 გოლის გატანა შეძლო და მხოლოდ 3 გაუშვა.

ესპანელებმა 2016 წლიდან დღემდე, ჩატარებული მატჩების 60.7% მოიგეს და შეხვედრების მხოლოდ 10.7% დათმეს. მათ შორის, ერთ-ერთი მადრიდში საქართველოს ნაკრებთან იწვნიეს.

ისტორია

ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატებზე ჯამში სულ 14-ჯერ ითამაშა.

მათი პირველი მუნდიალი 1934 წელს იტალიაში იყო, სადაც ისინი ¼ ფინალამდე მივიდნენ.

1950 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანელებმა მე-4 პოზიცია დაიკავეს.

2010 წლამდე, „ფურია როხას“ მაქსიმუმი ¼ ფინალი იყო. ესპანეთს მუდამ რაღაც აკლდა.

ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრების ბირთვად „ბარსელონას“ მოთამაშეები აქცია. 7 „ბლაუგრანელი“, 2 მადრიდელი და 1 ხუან კაპდევილა - ასეთი იყო ესპანელთა შემადგენლობა სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.

ესპანეთმა ითამაშა დიდებულად, დამაჯერებლად, გააზრებულად. ისინი მეტოქეებს უბრალოდ კლავდნენ. მატჩებს დიდი ანგარიშით არ იგებდნენ, მაგრამ ოპონენტებს ძალიან მცირე შანსს უტოვებდნენ.

 

2014 წლის ბრაზილიის მუნდიალი ესპანელთათვის უიღბლო გამოდგა.

ჰოლანდიასთან 1-5-ის წაგების შემდეგ დელ ბოსკეს ნაკრები ჩილესთან 0:2 დამარცხდა.

 

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა, თუმცა 4 წლის შემდეგ ესპანელები დაბრუნდნენ და მათ ძალიან ძლიერი კოლექტივიც ჰყავთ.

რუსეთში, ხულენ ლოპეტეგის გუნდი ყველაზე არასასურველი მეტოქე იქნება.

განაცხადი და ტაქტიკა

მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), პეპე რეინა (ნაპოლი), კეპა არისაბალაგა (ბილბაოს ათლეტიკი).

მცველები: სერხიო რამოსი, დანი კარვახალი, ნაჩო ფერნანდესი (სამივე - მადრიდის რეალი), ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა (ორივე - ბარსელონა), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), ნაჩო მონრეალი (არსენალი), ალვარო ოდრიოსოლა (რეალ სოსიედადი).

ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი (ორივე - ბარსელონა), მარკო ასენსიო, ისკო (ორივე - მადრიდის რეალი), საულ ნიგესი, კოკე (ორივე - მადრიდის ატლეტიკო), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი).

თავდამსხმელები: დიეგო კოსტა (მადრიდის ატლეტიკო), ლუკას ვასკესი (მადრიდის რეალი), იაგო ასპასი (სელტა), როდრიგო (ვალენსია).

ლოპეტეგიმ შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმალური შემადგენლობა დაასახელა.

დიახ, პრესას ჰქონდა კითხვები ალვარო მორატასა და სერხი რობერტოს შესახებ, თუმცა ლოპეტეგის არჩევანი იოაჰიმ ლიოვის მოულოდნელ გადაწყვეტილებასთან ახლოსაც ვერ მივა.

როგორც ვიცით, ლიოვმა განაცხადს მიღმა ლეროი სანე დატოვა.

51 წლის ესპანელი სპეციალისტი ძირითადად 4-2-3-1 სქემით თამაშობს.

დავიდ დე ხეა უკონკურენტოა. რაც შეეხება დაცვას, თუ დანი კარვახალი მწყობრში იქნება, მასთან ერთად უკანა ხაზს ალბა, რამოსი და პიკე დააკომპლექტებენ.

ყველაზე საინტერესო, სახიფათო და შთამბეჭდავი „ფურია როხას“ ნახევარდაცვაა.

ლოპეტეგის ფლანგებიდან თამაშის გაშლა განაპირა მცველების ხარჯზე უყვარს და ნახევარმცველებს ძირითადად მოედნის ცენტრის ოკუპაციისკენ მიუთითებს.

სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, ისკო და დავიდ სილვა - ამ მოთამაშეებს ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვთ. ასევე ცნობილია ძირითადი ფორვარდის ვინაობაც - დიეგო კოშტა.

შემაგდენლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლო 1 პოზიციაა - ვინ ითამაშებს მოედნის ცენტრში ბუსკეტსის გვერდით?

არის 3 ვარიანტი: კოკე, საული და ტიაგო. რეალურად, ამ პოზიციას სამივე მათგანი იდეალურად ერგება.

კოკე დინჯია და ოდნავ პრაგმატული. საული ფეთქებადია. არასდროს იცი, თუ რას უნდა ელოდე მისგან.

საულს ნებისმიერ დროს შეუძლია შეტევაში სიტუაცია გაამწვავოს და გოლი შექმნას.

რაც შეეხება ტიაგო ალკანტარას. „ბაიერნის“ შუახაზელი ხსენებული ტრიოდან ყველაზე ტექნიკური და კრეატიულია. მას თავდაცვითი და შემტევი ფუნქციები თანაბრად აქვს გადანაწილებული.

ლოპეტეგის სათადარიგოთა სკამზე მყოფი მოთამაშეების საშუალებით ტაქტიკის შეცვლა მარტივად შეუძლია. ძალიან სწრაფი და ტექნიკური ასენსიო, ვასკესი და ასპასი თამაშს ნებისმიერ მომენტში გაამწვავებენ.

„ლა როხა“ ტრადიციულად ბურთის კონტროლზე გააკეთებს აქცენტს და მეტოქის მოგუდვას შეეცდება. მოკლე, სწრაფი და მომაკვდინებელი პასებით ესპანელები მთელს მოედანზე დომინირებენ. მათ წინ კი დიეგო კოშტას სახით „ცუდი ბიჭი“ ითამაშებს.

დომინირების დროს, როდესაც ესპანელები ბურთს ფლობენ და მეტოქეს მათსავე საჯარიმოსთან ეტაპობრივად ახრჩობენ, ლოპეტეგის ტაქტიკა ყველაზე საინტერესოდ სწორედ მაშინ გამოიყურება.

დატვირთული მოედნის ცენტრი და ფლანგებზე აწეული ალბა-კარვახალი.

ნახევარდაცვის ცენტრში 5 მოთამაშე იყრის თავს და მათთვის ბურთის ართმევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

რამოსი და პიკე ყველაზე უკან რჩება, თუმცა ისინი ბუსკეტსის სიახლოვეს მოქმედებენ.

მოკლედ, ესპანეთის ნაკრები ნამდვილი მონსტრია და მათთან შეხვედრის ნებისმიერ გუნდს ეშინია.

ლიდერები

ესპანელებს ძალიან ბევრი მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავთ, თუმცა ამ ფორმაციის ნაკრების მთავარი დამრტყმელი ძალა ინიესტა-ისკოს წყვილია.

ამ ორი მოთამაშის ერთ ფორმაში ხილვა ნამდვილი სიამოვნებაა. მათი რბილი ტექნიკა, მოედნის ხედვა, დრიბლინგი და კრეატიულობა მეტოქეთათვის დამანგრეველი გახლავთ.

მიუხედავად შესანიშნავი განაცხადისა, ხულენ ლოპეტეგის გუნდს დიდი პრობლემები შეექმენება, თუ რომელიმე გუნდი ინიესტა-ისკოს წყვილის განეიტრალებას მოახერხებს.

ასევე, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დაცვის დუეტზე - რამოსი და პიკე კლუბებში ძაღლი და კატასავით არიან, თუმცა ნაკრების მაისურით ამ ორი მოთამაშის ხილვა ერთი სიამოვნებაა.

გუნდის შეტევები სწორედ პიკე-რამოსიდან იწყება. ნამდვილი ფუფუნებაა, როდესაც გუნდში ორი ამ დონის უკანახაზელი გყავს, რომლებსაც შეტევების წარმართვის უნარიც გააჩნიათ.

მეტოქეები

ესპანეთი B ჯგუფში პორტუგალიასთან, მაროკოსთან და ირანთან ერთად იასპარეზებს.

„ფურია როხას“ პირველი მატჩი ევროპის მოქმედ ჩემპიონთან ელოდება, რომელიც 15 ივნისს გაიმართება.

მიუხედავად პორტუგალიელთა ბოლოდროინდელი წარმატებისა, ჯგუფის უდაო ფავორიტი მაინც ესპანეთია.

ძალიან სიმპათიური გუნდი ჰყავს მაროკოს, რომელმაც შესარჩევი ეტაპი გოლის გაუშვებლად ჩაატარა.

და ირანი, რომელიც მუდამ იბრძვის. მათთან გამარჯვება იოლი არასდროსაა, თუმცა კლასში სვხაობა მაინც ძალიან დიდია.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები