''ეროვნულ გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა, სხვაგვარად წარმოუდგენელია''
Aa
Aa

''ეროვნულ გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა, სხვაგვარად წარმოუდგენელია''

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის ''შახტარის'' მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინული გუნდის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.ხოჭოლავა საქართველოს ნაკრებთან ერთად ავსტრიულ შეკრებაზე იმყოფებდა და მალტასთან მოგებულ მატჩში 58-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

''ჩვენი მთავარი მიზანი უეფას ერთა ლიგისთვის მომზადებაა. ჩვენს გუნდს ევრო 2020-ზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს.

გამომდინარე იქიდან რომ სეზონი დასრულდა, მწვრთნელები ფიზმომზადებაზე ნაკლები აქცენტი კეთდება. მწვრთნელები დიდ ყურადღებას ტაქტიკურ და ტექნიკურ მზადყოფნას უთმობენ.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბევრი ახალწვეულია. მათ საკლუბო დონეზე კარგი თამაშით ნაკრებში მოხვედრა დაიმსახურეს.

ეროვნულ გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა, სხვაგვარად წარმოუდგენელია'' - აღნიშნა დავით ხოჭოლავამ დონეცკის ''შახტარის'' ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიაში მალტის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და 1:0 გაიმარჯვა.

მატჩამდე ვლადიმერ ვაისმა შემდეგი რამ თქვა: "ვემზადებით ერთა ლიგის გათამაშებისთვის, წინა ამხანაგური თამაშების მსგავსად, როგორც იყო ლიტვასთან და ესტონეთთან, გვსურს გავიმარჯვოთ და არ გავუშვათ გოლი".

მწვრთნელმა სიტყვა შეასრულა - გუნდმა მოიგო და კარიც მშრალად შეინახა. გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრები მეტოქეს აშკარად აღემატებოდა და ბურთი პრაქტიკულად სულ მათ ჰქონდათ. ყველაზე აქტიური "რანდერსის" ლეგიონერი საბა ლობჟანიძე იყო, რომელსაც გატანის რამდენიმე შანსი მიეცა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

88-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა პრესინგის შედეგად ბურთი მოიპოვეს და კონტრშეტევა წამოიწყეს. კაჭარავასა და კიტეიშვილის ორსვლიან კომბინაციას პენალტი მოჰყვა, რომელიც გურამ კაშიამ ზუსტად შეასრულა.

პენალტის დანიშვნის დროს ოთარ კიტეიშვილის ტექნიკური თამაში აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს. თბილისის "დინამოს" კაპიტანმა რთულ სიტუაციაში ბურთი ოსტატურად დაამუშავა, რასაც მცველისგან უხეშობა და პენალტი მოჰყვა. დარჩენილ დროში ვაისის გუნდს ბურთის გაგორება არ გასჭირვებია და მატჩიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა - 1:0.

3 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიიდან ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 5 ივნისს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები