''ქევხიშვილმა მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა'' - პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებენ
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს კლუბ ''ოლიმპის'' დამფუძნებელი ზვიად წოწკოლაური მხარდაჭერას უცხადებს. წოწკოლაურმა facebook-ის პირად გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ქევხიშვილის გატარებულ რეფორმებზე საუბრობს.
''მე ვარ ზვიად წოწკოლაური, კლუბ ''ოლიმპის'' დამფუძნებელი და მწვრთნელი. ჩვენი კლუბი მხარს უჭერს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს, რომელმაც მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, რამაც ქართული ძიუდოს განვითარებას ხელი შეუწყო. ქევხიშვილის დახმარებით ჩვენს კლუბს ტატამი გადმოეცა, რამაც მოგვცა საშუალება ვარჯიშები ჩაგვეტარებინა უფრო უსაფრთხო გარემოში. ასევე მოვახერხეთ კლუბის წევრთა რაოდენობის 150-მდე გაზრდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფედერაციასა და პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს'' - აღნიშნა ზვიად წოწკოლაურმა.
ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები პრეზიდენტ ქევხიშვილის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი. მათი მოთხოვნაა პრეზიდენტმა პოსტი დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სავარჯიშო პროცესსა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ. მათი პროტესტი დაახლოებით ერთი თვეა გრძელდება.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, 27 მაისს თბილისში რუსთაველის გამზირზე ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა უცვლელია. ისინი მოითხოვენ ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას.