''არ შევეგუებით და არ დავნებდებით'' - საპროტესტო აქცია ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით
თბილისში რუსთაველის გამზირზე ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა უცვლელია. ისინი მოითხოვენ ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას.
''დაახლოებით ერთი თვეა რაც პროტესტი გრძელდება. არ ვაპირებთ გაჩერებას, არ ვაპირებთ შევეგუოთ იმას, რაც ხდება ფედერაციაში. არ დავნებდებით. დავით ქევხიშვილი ერპიროვნული მმართველია. მას არ შესწევს ვითარების დარეგულირების უნარი. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს. ჩვენს პოზიციას უამრავი ქომაგი იზიარებს'' - განაცხადა ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ტელეკომპანია ''მაესტროსთან'' საუბარში.
შეგახსენებთ, ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები თითქმის ერთი თვეა, რაც საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი აქციები ძიუდოს ფედერაციის შენობასთან იმართებოდა ხოლმე, ამჯერად კი რუსთაველის გამზირზე ყოფილი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. სპორტსმენთა გარდა აქციაში მონაწილეობა ქართული ძიუდოს რიგითმა ქომაგებმაც მიიღეს.