2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულში გაიმართება
Aa
Aa

2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულში გაიმართება

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა კიევში შედგა, სადაც დადასტურდა რომ 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს სტამბულის ათათურქის სახელობის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უეფას სლოვენიელმა პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა დღეს, 24 მაისს კიევში დაადასტურა.

აღნიშნულ სტადიონზე ფინალური შეხვედრა მეორედ გაიმართება. ათათურქის სახელობის არენამ პირველად ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშების ფინალს 2005 წელს უმასპინძლა, როცა ''ლივერპულმა'' დრამატულ მატჩში პენალტების სერიაში ''მილანი'' დაამარცხა.

ოლიმპიური სტადიონი 76 092 მაყურებელს იტევს, რომლის მშენებლობა 1997-2002 წლებში მიმდინარეობდა. სტადიონი 2002 წელს გაიხსნა. 2005 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რომლის ღირებულებამ 140 მილიონი დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ სტადიონზე ''გალათასარაი''' 2003-04 წლებში საშინაო შეხვედრებს ატარებდა. 2007-14 წლებში საშინაო მატჩებს ''ბაშაქშეჰირი'' მართავდა, ხოლო 2013-16 წლებში ''ბეშიქთაში'' თამაშობდა.

თურქეთის ეროვნული ნაკრები მეტოქეებს ათათურქის სახელობის სტადიონზე მასპინძლობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები