მარსელი VS ატლეტიკო - პრესკონფერენციები და სხვა ამბები
Aa
Aa
16 მაისი 2018  |  00:14

მარსელი VS ატლეტიკო - პრესკონფერენციები და სხვა ამბები

ევროპა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის გადამწყვეტი შეხვედრა ლიონში, „სტად ოლიმპიკ ლიონზე“ ჩატარდება, სადაც ფრანგული „მარსელი“ ესპანურ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.

მარსელელებმა ამ ტურნირის ფინალური მატჩი 2-ჯერ, 1998-1999 და 2003-2004 წლების სეზონებში წააგეს, პირველ შემთხვევაში „პარმასთან“, შემდეგ კი - „ვალენსიასთან“. უკანასკნელ წლებში 2-ჯერ მოიგო ევროპა ლიგა „ატლეტიკომ“, რომელმაც 2009-2010 წლების სეზონის სატიტულო მატჩში ინგლისური „ფულემი“ დაამარცხა, ხოლო 2011-2012 წლების სეზონისაში - „ბილბაო“. გუნდს პირველი ტიტული კიკე სანჩეს ფლორესმა მოაგებინა, მეორე კი - დიეგო სიმეონემ.

საინტერესოა, რომ „ათლეტები“ ლიონში ევროპული საკლუბო ტურნირის მეორე ფინალს ითამაშებენ. ისინი 1986 წელს, თასების მფლობელთა თასის ფინალში, კივის „დინამოსთან“ სწორედ ამ ქალაქში დამარცხდნენ.


 

მატჩის წინ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრა შეაფასა.

რუდი გარსია (მარსელი): „ჩვენ ტაქტიკური კუთხით ლავირების საშუალება გვაქვს. შეგვიძლია 3 კაციანი დაცვა დავაყენოთ ან 2 ცენტრალური მცველით ვითამაშოთ. უკვე გადაწყვეტილი მაქვს როგორ გამოვალთ მოედანზე, თუმცა თქვენ ყველაფრის გამოსარკვევად მოცდა მოგიწევთ.

ბუნა სარი ბოლო 2 დღეა ვარჯიშობს, მის გარდა საწვრთნელ პროცესს მიტროღლუ, როლანდო და პაიეც დაუბრუნდნენ.

25 წლის წინ „მარსელი“ პირველი ფრანგული კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიგო. ახლა კიდევ ერთი შანსია, რომ მან ევროპა ლიგაზე იმარჯვოს და ამ კუთხითაც თავისი ქვეყნის პირველი წარმომადგენელი გახდეს.

შესაძლოა, მათთან ერთმატჩიანი დაპირისპირება ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი იყოს, რადგან ეს ფეხბურთია და ერთ კონკრეტულ თამაშში ყველაფერი შესაძლებელია. „ატლეტიკო“ სოლიდური გუნდია, ესპანეთის მასშტაბით საუკეთესო დაცვის ხაზი და სახიფათო შეტევა ჰყავთ. თუკი მათთან რამე საერთო გვაქვს, ეს მებრძოლი ხასიათია. მადრიდელებს კოლოსალური გამოცდილება აქვთ და ჩვენ ამ გუნდს დიდ პატივს ვცემთ“.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): “ევროპა ლიგა ევროპა ლიგაა, ჩემპიონთა ლიგა - ჩემპიონთა ლიგა, ტიტულის მოგება კი - ტიტულის მოგება. როცა 2012 წელს ეს ტურნირი მოვიგეთ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი წინსვლა იყო, რადგან ამ ყველაფერმა თავდაჯერება მოგვიტანა და გუნდურად გაგვზარდა. ეს მნიშვნელოვანი იყო.

კოკე თავისი შრომისმოყვარეობით „ატლეტიკოსთვისაც“ და ესპანეთის ნაკრებისთვისაც საკვანძო ფეხბურთელად იქცა. ჩვენ ვიცით მისი ნიჭიერება და ის თუ როგორი საფეხბურთო ინტელექტი აქვს. თამაშის წაკითხვა ძალიან კარგად შეუძლია და ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა, ეს კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

„მარსელი“ სახიფათო მეტოქეა, განსაკუთრებით მის შეტევას გამოვარჩევდი. ისინი დინამიურ ფეხბურთს თამაშობენ და მოედნის ცენტრში ჰყავთ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც კარგად მოძრაობენ. პაიე დიდი ფეხბურთელია, მას სწრაფი ფეხები აქვს, რასაც სხარტი აზროვნებაც ემატება.

ეს საფეხბურთო მატჩია, მის მოსაგებად კი კარგად უნდა ითამაშო, ჩვენ საკუთარი თამაშის ჩვენება გვჭირდება. აუცილებელია გავიაზროთ მოედანზე რა უნდა გავიღოთ, ერთი რამ კი ვიცით, რომ ეს შეხვედრა უნდა მოვიგოთ.

დაძაბული თამაში იქნება, ჩვენ ბევრ ასპექტში თანაბარი გუნდები ვართ. ორივეს საკუთარი ძლიერი მხარეები გვაქვს, ამიტომაც რთული მატჩი იქნება.

გამოცდილებაა ის, რაც შეიძლება დაგვეხმაროს, თუმცა ეს თამაშზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. აღმაფრენითა და განსაკუთრებული მუხტით უნდა ვითამაშოთ. გვჭირდება, რომ თამაში ჩვენთვის სასურველ რიტმში წავიყვანოთ და ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც ეს შეგვიძლია.

ვწუხვარ, რომ სათადარიგოთა სკამთან ვერ ვიქნები, თუმცა ხერმან ბურგოსის ბოლომდე მჯერა. ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ და დიდი ხანია ერთად ვმუშაობთ.

„მარსელს“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, როგორც საფრანგეთში ასევე მის საზღვრებს გარეთ. შეიძლება ისინი ჩვენსავით დიდი ხანია ერთად არ მოდიან, მაგრამ უდიდესი ენთუზიაზმი აქვთ და ბევრს მუშაობენ. ასე რომ, ბრწყინვალე ფინალი იქნება“.

სავარაუდო შემადგენლობები uefa.com-ის მიხედვით:

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - საკაი, რამი, ლუის გუსტავო, ამავი - ზამბო ანგისა, სანსონი - ტოვენი, პაიე, ოკამპოსი - ჟერმენი.

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, ხიმენესი, გოდინი, ლუკას ერნანდესი - გაბი, კოკე, საულ ნიგესი, კორეა - გრიზმანი, დიეგო კოშტა.

თამაშს ნიდერლანდელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც 45 წლის ბიორნ კუიპერსი უხელმძღვანელებს.

კუიპერსს ევროპა ლიგის ფინალური მატჩის განსჯა მეორედ მოუწევს. მან 2013 წლის სატიტულო შეხვედრაში იმსაჯა, როცა "ჩელსიმ" "ბენფიკა" დაამარცხა.

ზოგადად, კუიპერსი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ავტორიტეტული რეფერია. მას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის წოდება 2006 წელს მიანიჭეს, 2014 წელს კი "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალს გაუძღვა. იგი მომავალ მუნდიალზეცაა მიწვეული.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები