ქეცბაია ხორდი კრუიფის შემცვლელად - მოლაპარაკება მიმდინარეობს
ებრაული მედიის ცნობით თელ-ავივის ''მაქაბის'' მთავარი მწვრთნელი შესაძლოა თემურ ქეცბაია გახდეს. one.co.il-ის ცნობით ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ხორდი კრუიფი სეზონის დასრულების შემდეგ პოსტს დატოვებს. ებრაული გუნდის ხელმძღვანელები კრუიფის შემცვლელად ქეცბაიას მოიაზრებენ, თუმცა ასევე სახელდება პაოკ-ის ყოფილი მთავარის ვლადიმირ ივიჩის კანდიდატურა. აღნიშნული წყაროს ცნობით ქეცბაიასთან მოლაპარაკება დაწყებულია.

ხორდი კრუიფი 2012 წლიდან ''მაქაბიში'' მუშაობს. ებრაულ გუნდში სწორედ მან მიიწვია შოთა არველაძე, რომელიც 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის იანვრამდე თელ-ავივის კლუბს წვრთნიდა. არველაძის წასვლის შემდეგ გუნდი ლიტო ვიდიგალმა ჩაიბარა. 2017 წლის ივნისში კრუიფმა სპორტული დირექტორის პოსტი დატოვა და მას შემდეგ ''მაქაბის'' მთავარი მწვრთნელია. სეზონის დასრულების შემდეგ კრუიფი კლუბს დაემშვიდობება.
ისრაელის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ''მაქაბი'' მესამე ადგილზეა და ევროპა ლიგაზე მოხვედრისთვის იბრძვის.

რაც შეეხება თემურ ქეცბაიას, ''ნიუკასლის'' ყოფილი ფორვარდის სამწვრთნელო კარიერა 2004 წელს დაიწყო. ქეცბაია 2004-09 წლებში ფამაგუსტას ''ანორთოსისს'' ხელმძღვანელობდა. 2008-09 წლების სეზონში ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. შემდგომში ხელმძღვანელობდა პირეოსის ''ოლიმპიაკოსს,'' საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ''აპოელს,'' ათენის აეკ-ს. 2017 წლის ივლისში ქართველი მწვრთნელი რუსეთის რანგით მეორე ლიგის ''ორენბურგს'' სათავეში ჩაუდგა, თუმცა წარუმატებელი ასპარეზობის გამო აგვისტოში გუნდი დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.
