სამი ჭიდაობაში და ერთი კრივში - ოლიმპიელები დაკარში
სენეგალის დედაქალაქ დაკარში მიმდინარე ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე უკვე ოთხი მედალია, საიდანაც სამი ჩვენ ქვეყანას მოჭიდავეებმა მოუტანეს, ერთი კი მოკრივემ გაუფორმა. ქვიშის ჭიდაობაში ტურნირის ვერცხლის პრიზიორები ლუკა მახარაძე (70 კგ) და ნურადინ მუსტაფიევი (90 კგ) გახდნენ, ხოლო დავით მძევაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. რაც შეეხება კრივს, სპორტის ამ სახეობაში საქართველოს წარმატება ემილ ისმაილოვმა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოუტანა.
მახარაძემ ჯგუფში სამივე შეხვედრის მოგების შემდეგ, ნახევარფინალში ირანელ ამირსალეჰ ჯავიდანიეგანეჰის აჯობა, ხოლო ფინალში აზერბაიჯანელ ტუნარ გულიევთან დამარცხდა. მახარაძის მსგავსად ჯგუფში სამი მოგებით გავიდა ნახევარფინალში ნურადინ მუსტაფიევი, რასაც ბრაზილიელი ალან სმიტ ბესერა დე სოუზას ძლევა მოჰყვა, ხოლო ფინალში მანაც აზერბაიჯანელ მეტოქესთან, ელგუნ კარიმლისთან წააგო. რაც შეეხება მძევაშვილს, ბრინჯაოს პრიზიორი მასპინძელი ქვეყნის, სენეგალის წარმომადგენელ ბაბაქარ ბაიესთან გამარჯვებით გახდა.
აქვე გეტყვით, რომ მოკრივე ემილ ისმაილოვმა ოლიმპიადაზე გამოსვლა მერვედფინალში დომინიკელ მაიკლ რეიესთან მოგებით დაიწყო. დღეს კი მეოთხედფინალში არაბული ქვეყნების ჩემპიონატების ლიბანელი ვერცხლის პრიზიორი რამზი ჰილალი დაამარცხა, ნახევარფინალში გავიდა და მინიმუმ ბრინჯაოს პრიზიორობა გაინაღდა. ისმაილოვის მომდევნო მეტოქე კანადელი ლისანდრო გარსია რებელო იქნება და მათი ჩხუბი 11 ნოემბერს, თბილისის დროით, 22:45 წუთზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს