''ზვიადაურმა ქევხიშვილს რეკომენდაცია გაუწია და შეცდომის გამოსწორებას ცდილობს '' - ლიპარტელიანმა პრეზიდენტს უპასუხა
ძიუდოში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა ტელეკომპანია ''იმედის'' ეთერში საუბრისას ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს უპასუხა. ლიპარტელიანის თქმით პროცესი არაა მართული და ძიუდოისტებმა თავად მიიღეს ბოიკოტის გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, ძიუდოს ნაკრების წევრები ვარჯიშსა და შეჯიბრებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. მათი მოთხოვნით ასე გაგრძელდება ვიდრე პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს.
ვარლამ ლიპარტელიანი: ''ჩვენს ზემოთ არავინ დგას. პროცესი არაა მართული. ჩვენი მოთხოვნაა პრეზიდენტის გადადგომა. შემიძლია ნებისმიერ პირს ავუხსნა რატომ მივიდა საქმე აქამდე, რატომ გავხდით იძულებულნი პროტესტის ამგვარი ფორმისთვის მიგვემართა. თუ გამოჩნდება ერთი ადამიანი, რომელიც დამისაბუთებს, რომ პროცესი მართულია და ჩვენზე გავლენას სხვა პირები ახდენენ, სპორტიდან წავალ და კარიერას დავასრულებ.
დავით ქევხიშვილი პრეზიდენტად ზურაბ ზვიადაურის რეკომენდაციით დაინიშნა, თუმცა გასულმა წლებმა აჩვენა, რომ ქევხიშვილის პრეზიდენტობა არ ყოფილა სწორი არჩევანი. დღეს ზვიადაური ცდილობს გამოასწოროს დაშვებული შეცდომა.
ძიუდოს ფედერაცის სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც კარგი მენეჯერი იქნება. მას უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არ ერეოდეს მწვრთნელთა საქმიანობაში.
დარწმუნებული ვარ ზვიადაურის გულწრფელობაში და ვიცი რომ მას პრეზიდენტობა არ სურს, მაგრამ თუ ის გახდება პრეზიდენტი, პირობას ვდებ ძიუდოს დავტოვებ.''
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით იხილეთ:
''ქევხიშვილი ძიუდოს ანადგურებს'' - ზვიადაურმა ფედერაცია გააკრიტიკა
ძიუდოისტები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ - ნაკრების წევრების საგანგებო განცხადება
''ბრალდებები სიცრუეზეა დაფუძნებული'' - ქევხიშვილი გადადგომას არ აპირებს