''ბრალდებები სიცრუეზეა დაფუძნებული'' - ქევხიშვილი გადადგომას არ აპირებს
Aa
Aa

''ბრალდებები სიცრუეზეა დაფუძნებული'' - ქევხიშვილი გადადგომას არ აპირებს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ძიუდოისტთა მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.


‘‘მათი ბრალდებები უსაფუძვლოა. თანამდებობას არავინ გამოეკიდება, მაგრამ მათ საუბარში ვერ დავინახე არგუმენტები. ბრალდებები სიცრუეზეა დაფუძნებული. კონკრეტულად რას გულისხმობენ, როცა მე მადანაშაულებენ?

გადადგომას არ ვაპირებ. მე მაქვს ჩემი მოვალეობა და ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა. ვარლამს პირადად ჩემთან პრობლემებზე არასდროს უსაუბრია, მაშინაც კი როცა ვეკითხებოდი ჰქონდა თუ არა რაიმე პრობლემა.

გასულ ზამთარში პირადად მითხრა, რომ პრობლემა არ იყო, მაგრამ შემდეგ ტელევიზიის ეთერით თქვა, რომ დარბაზებში ვარჯიშობდნენ, სადაც არ იყო გათბობა.

ვფიქრობ ეს პროცესები მართულია, მაგრამ არ დავასახელებ მას, ვის ინტერესშიც შედის ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა. შემდეგი ოთხი თვე პროცესები გაგრძელდება, სპორტსმენები ძიუდოს გრან პრიზე მიიღებენ მონაწილეობას.

არ არის სწორი ოჯახის ამბებზე საჯაროდ საუბარი. როცა 2009 წელს ანალოგიური სიტუაცია იყო, საჯაროდ არაფერი მითქვამს და მწვრთნელთან საუბრის შემდეგ კიმონო კარადაში ჩამოვკიდე. არავისთან მივსულვარ და არავისთან მიჩივლია. ფედერაციაში არ არსებობს ნეპოტიზმი. ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე, მისი გადასაწყვეტი იყო  გუნდის დაკომპლექტება, შესაბამისად ნეპოტიზმზე საუბარი არ არის სწორი'' - განაცხადა ქევხიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი ძიუდოს ნაკრებმა მედლის გარეშე დაასრულა. მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ პოსტი დატოვა. უახლოეს პერიოდში ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება ცნობილი. 

იხილეთ ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრების მიერ გავრცელებული განცხადება: ძიუდოისტები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ - ნაკრების წევრების საგანგებო განცხადება

ცხელი ამბები