არაბული მოედანს უბრუნდება - ქართველი გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა 21 აპრილს ''ჰალადაშთან'' მიღებული ტრავმის შემდეგ პირველი ვარჯიში 3 მაისს ჩაატარა. ''ბალმაზუივაროშის'' საუკეთესო ბომბარდირმა Crystalsport-თან ისაუბრა.
''ტრავმის შემდეგ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში სამშაბათს, 3 მაისს ჩავატარე. შესაძლოა ჩემპიონატის უახლოეს ტურში ''უიპეშტის'' წინააღმდეგ ვითამაშო. ჩემპიონატის შეხვედრის შემდეგ კვლავ ''უიპეშტს'' ვხვდებით, ამჯერად თასის საპასუხო ნახევარფინალში. ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ალბათობით ნახევარფინალში ვითამაშებ'' - აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ესტონეთთან შეხვედრაში მიღებულმა ტრავმამ ''ჰალადაშთან'' შეახსენა თავი.
უნგრეთის თასის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა ''უიპეშტმა'' საკუთარ მოედანზე 2:1 მოიგო. ''ბალმაზუივაროშისთვის'' ერთადერთი გოლი ქართველმა ფორვარდმა შეაგდო. საპასუხო მატჩი 9 მაისს გაიმართება.
იხილეთ პირველი ნახევარფინალური შეხვედრის შესახებ:
არაბულის გოლი ნახევარფინალში - ქართველმა ტრავმის შემდეგ პირველად გაიტანა

მოთამაშემ 2017 წლის ზაფხულში თბილისის ''დინამო'' დატოვა და უნგრულ გუნდში ჩაირიცხა, რომელიც უნგრეთის ელიტარულ ლიგაში პირველ სეზონს ატარებს.
მიმდინარე სეზონში არაბულმა უნგრეთის ჩემპიონატის 24 მატჩში 7 გოლი შეაგდო. გარდა ამისა თასის გათამაშების 3 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
''ბალმაზუივაროშის'' შემადგენლობაში ასევე ირიცხებიან ლაშა შინდაგორიძე და ირაკლი მაისურაძე. შინდაგორიძემ ტრავმის გამო სეზონი ნაადრევად დაასრულა, მაისურაძე კი სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ასპარეზობს.
უნგრეთის 12-გუნდიან ჩემპიონატში ''ბალმაზუივაროში'' 28 ქულით მე-11 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტური რჩება.
