„გასპერინის ქართველი ძალიან მოსწონს“ - რომა კვერნაძეს უმიზნებს
გიორგი კვერნაძის მიმართ სატრანსფერო ბაზარზე ინტერესი იზრდება. სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბს უკვე ინგლისიდანაც აკვირდებიან და როგორც დღეს დაიწერა, „არსენალი“ ქართველის მიმართ ინტერესს იჩენს, თუმცა ყველაზე მეტად აქტიური მაინც „რომაა“.
რომაელები კვერნაძეს უკვე კარგა ხანია აკვირდებიან. გუნდის მთავარ მწვრთნელს გასპერინის ქართველი გარემარბი ძალიან მოსწონს, თუმცა კლუბი მის შესაძენად ბრძოლას უფრო ივნისში გეგმავს, იანვარში კი იჯარით გაძლიერებას უმიზნებენ.
„რომას“ სატრანსფერო გეგმებზე იტალიური გამოცემა romapress-ი წერს.
„კოჭის ტრავმა, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრებში მიიღო, სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა ჯეიმი გიტენსის სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება „ჩელსიში“ ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებად რჩება, იმის გათვალისწინებით, რომ მას თასის გათამაშებაში სულ რაღაც 55 წუთი აქვს ნათამაშები, პრემიერლიგაში კი საერთოდ არ გამოჩენილა.
მისმა გარემოცვამ ლონდონურ კლუბს განმარტებების მისაღებად უკვე მიმართა და იანვარში ტრანსფერის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.
იანვარში სიტუაცია შეიცვლება, წერს ForzaRoma.info.
ჩაბი ალონსო გიტენსზე იმედებს არ ამყარებს, ხოლო „არისტოკრატები“, იმისათვის, რომ მან სატრანსფერო ფასი არ დაკარგოს, ყიდვის უფლებით იჯარის ვარიანტსაც განიხილავენ. „რომა“ კვლავ დაინტერესებულია და ფავორიტებს შორის იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ გიტენსმა გასპერინისთან ინტერესი უკვე გამოხატა.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც მომდევნო კვირებში დააკვირდებიან, „ფროზინონეს“ კვერნაძეა. ოფიციალური კონტაქტები ჯერჯერობით არ ყოფილა, თუმცა გასპერინის ქართველი ძალიან მოსწონს, როგორც ახლა, ასევე მომავლის პერსპექტივაშიც, და შესაძლოა მისი გაფორმება ივნისისთვის, დაახლოებით 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ იგეგმებოდეს“.
- წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კვერნაძის სატრანსფერო ღირებულება ბოლო დროს გაიზარდა და ტრანსფერმარკტის მიხედვით 8 მილიონ ევროს შეადგენს.