„ფიქრს და მუშაობას გავაგრძელებ“ | ჟეზუში რონალდუს განცხადებას გამოეხმაურა
პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჟორჟე ჟეზუში, კრიშტიანუ რონალდუს განცხადებას გამოეხმაურა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ერთა ლიგის მიმდინარეობისას სანაკრებო შეკრება ჟეზუშთან კონფლიქტის გამო დატოვა და მომხდარის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
„კრიშტიანუს განცხადება წავიკითხე. ახლა, როგორც სხვა დღეებში, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის განკარგულებაში ვარ და მუშაობასა და ნაკრებზე ფიქრს გავაგრძელებ. სხვა არაფერი მაქვს სათქმელი".
ცნობისთვის, რონალდუმ პორტუგალიელ ხალხსა და ნაკრების თანაგუნდელებს შეკრების დატოვების გამო ბოდიში მოუხადა. თუმცა, დასძინა, რომ ჟორჟე ჟეზუშმა სიტყვა გატეხა და ამის გამო ის მკაცრად გააკრიტიკა. რონალდუს თქმით, მისი გადაწყვეტილება პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შეაფასოს.
ჟეზუშსა და რონალდუს შორის ურთიერთობა ნორვეგიასთან სტუმრად გამართული მატჩის შემდეგ დაიძაბა. „სელესაოს“ თავკაცი კრიშტიანუს სათამაშო დროს დაპირდა და შეხვედრის მიმდინარეობისას გასახურებლად გაგზავნა, მაგრამ ცვლილებაზე არ შეიყვანა, რამაც ფეხბურთელის განრისხება გამოიწვია.